„უგულავას მაგ გვირაბთან ბორკილებს უნდა ადებდნენ“- დაჩი ცაგურია

14:10 02-03-2019
1378


ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე გასულ სიუჟეტის  დაჩი ცაგურია საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოეხმაურა.

საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფეისბუქის პოსტში,  თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტს გაუაზრებელს უწოდებს და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ცაგურიას თქმით, მსგავსი გადაწყვეტილების გამო პასუხისმგებლობა დედაქალაქის მაშინდელ მერს, გიგი უგულავას, უნდა ეკისრებოდეს.

„უგულავას მაგ გვირაბთან ბორკილებს უნდა ადებდნენ და იქვე იმავე გვირაბთან ახლოსაა გლდანის ციხე, ხანგრძლივად უნდა ასვენებდნენ სწორედ ამ 200 მილიონზე მეტის გაფლანგვისთვისაც... პროექტი ყოველგვარ გონიერებას იყო მოკლებული, პროექტს არ ჰქონდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ყველა კვლევამ რომელიც ავტორიტეტულმა კომპანიებმა ჩაატარეს აჩვენა რომ ასობით მილიონი იხარჯებოდა და მივიღებდით გაუარესებულ გამტარუნარიანობას, გაზრდილ საოპერაციო ხარჯებს, ქალაქის ცენტრიდან გაქრებოდა სამგზავრო სადგური და ა.შ. მოკლედ სია გრძელია, თან რა უნდა განმუხტულიყო არც მაგაზე ჩაუტარებია ვინმეს კვლევა... ერთი სიტყვით "ჩვენ რომ ვფლანგავდით ფულს უაზრო პროექტზე თქვენც ბოლომდე გაფლანგეთო" გვეუბნებიან... არა ჩემო გიგი უაზრობაში რაც თანხები გადაყარეთ კმარა, ახლა მხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარე, როგორც იქნება ყველაზე უკეთესი ამ ქვეყნისთვის ისე დაიხარჯება ფული. შენ წადი და თბილისის ალპინისტ დასუფთავების ვარსკვლავები მოგვიკითხე...

მაგ უაზრო კრედიტებმა (ასობით მილიონები) უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო ჩვენი ქვეყანაც და რკინიგზაც. ოდნავ ნამუსი რომ გქონდეთ მაგ ენას კბილს ისე უნდა აჭერდეთ სისხლი მოგდიოდეთ, მაგრამ აბა ეგ თქვენ საიდან?!“- წერს ცაგურია.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია "რუსთავი2"ის ინფორმაციით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის გვირაბებში მწყემსები ცხოვრობენ. ლიანდაგის ნაცვლად, ბეტონის გვირაბებში თივა დააგეს, ელმავლების ნაცვლად კი ცხვრები დადიან.