„ბრძოლის უზნეო მეთოდისთვის მოიპოვეს...“ - ხუნდაძე ბესელიაზე გავრცელებულ ჩანაწერებზე

12:54 01-31-2019
63

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე თვლის, რომ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებში ყველაზე დაზარალებული იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელიაა.

„ყველაზე დაზარალებული არის ეკა ბესელია და ასევე მე ვფიქრობ, რომ ამან გააღვივა შუღლი დაპირისპირებულ მხარეებს შორის“, - ამბობს დეპუტატი. 

დიმიტრი ხუნდაძეს თქმით, ეს თემა უნდა გადაეცეს სამართალდამცავებს.

„მე მაქვს იმედი, რომ რაც შეიძლება მალე ყველა საშუალებით გავალთ შედეგზე“, - აცხადებს დეპუტატი.

კითხვაზე, აქვს თუ არა ბესელიას თავის გუნდთან პრეტენზიები,  ხუნდაძე შიდა დაპირისპირებას გამორიცხავს.

„შეხვედრა გვქონდა ჯგუფთან და 2 დღიანი მსჯელობა, სადაც ყველას მიეცა საშუალება, რომ თავის აზრი გამოეთქვა. გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს რაიმე შიდა გუნდური დაპირისპირება. ეს არის ბრძოლის უზნეო  მეთოდი, მაგრამ როგორც ჩანს, მოიპოვეს ბრძოლისთვის ასეთი ჩანაწერები“, - განუცხადა ხუნდაძემ ჟურნალისტებს.

შს სამინისტროში დაწყებული გამოძიების ფარგლებში შსს-ში დეპუტატი დავით ჭიჭინაძე დაიკითხა, რომელმაც 28 იანვარს პირველმა გააკეთა განცხადება ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების სავარაუდო გავრცელებასთან დაკავშირებით. უმრავლესობის რიგებიდან გარიცხული დეპუტატი ამბობს, რომ მსგავსი ჩანაწერების გამოქვეყნება საქართველოში ძირითადად პოლიტიკური ვითარების დაძაბვას ემთხვევა.

ეკა ბესელია ადასტურებს, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით ცალკეულ ჯგუფებში ვრცელდება მისი პირადი და ოჯახური საიდუმლოების ამსახველი უკანონო ჩანაწერი, რომელიც მისი სიტყვებით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს დამზადდა და ახალი ხელისუფლების პერიოდში გავრცელდა. ბესელია განმარტავს, რომ ამ ფაქტზე პროკურატურამ 8 პირი ცნო დამნაშავედ და ეს საქმე ბოლოს სააპელაციო სასამართლოში გააგზავნეს. ბესელიას განცხადებით, ის ამ საქმის სასამართლოში გაგზავნას სწორად არ მიიჩნევდა მასალის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე.