მამუკა კობახიძემ სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა

16:28 01-30-2019
61

მამუკა კობახიძემ, სატრანსპორტო კომპანიის გენდირექტორის თანამდებობა დატოვა. როგორც მერიაში "პრაიმტაიმს" განუცხადეს, მან ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო და საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა აღნიშნული თანამდებობიდან.

მოგეხსენებათ, კობახიძე ამავდროულად "ყაზტრანსგაზ-თბილისის" დირექტორია. ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელმაც გუშინ "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ცენტრალურ ოფისთან აქცია მოაწყო, ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება მერიაში მიიღეს.

„მერიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომელსაც აგერ უკვე ორი დღეა ასაიდუმლოებენ. არც მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე, არც მერიის სატრანსპორტო კომპანიაში ამ ამბავს ვერ ამოიკითხავთ. ვიცით, რომ მამუკა კობახიძე მოხსნეს მერიის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორობის პოსტიდან და იქ დანიშნეს კახა კალაძის ერთგული კადრი, ვინმე გიორგი შარკოვი - ამბობს ელისაშვილი.

მერიაში "პრაიმტაიმს" დაუდასტურეს, რომ კობახიძის ადგილს დროებით გიორგი შარკოვი ნამდვილად იკავებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, თუ ვის დაამტკიცებენ აღნიშნულ თანამდებობაზე, ჯერ მიღებული არ არის.

„სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი კობახიძის გათავისუფლებას "ყაზტრანსგაზ-თბილისის" დირექტორობის პოსტიდანაც ითხოვს. 

ავტორი: