აზიის განვითარების ბანკი 700 მილიონი დოლარის ახალ პროექტებს დააფინანსებს

15:21 01-30-2019
60

ვიცე პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე აზიის განვითარების ბანკის ADB-ს ახალ პროექტზე ისაუბრა, რომლის განხორციელებაც უკვე წელს დაიწყება  და 2020-ში უფრო აქტიურ ფაზაში გადავა. პროექტი, 700 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსებით, მოიცავს   ზუგდიდისა და მესტიის, ასევე თელავის, ახმეტის, თუშეთის  და  თბილისის არეალს. 

,,ეს არის ADB-ის დაფინანსებით, ანუ  სესხით განხორციელებული ახალი შესაძლებლობა, რომელიც 700 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ პროექტის ჩამოყალიბების პროცესში,  ჩვენ გვქონდა კონსულტაციები როგორც რეგიონებთან, ისე უშუალოდ აზიის განვითარების ბანკთან და პროექტის განხორციელების  რამდენიმე არეალი გამოიკვეთა“-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე პრემიერმა, ასევე განაცხადა რომ პროექტი არ მოიცავს მხოლოდ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს  და მის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალური ტრანპსორტის განახლება იქ, სადაც ეს საჭიროა, ასევე ბიზნესკომპონენტის დაფინანსება,  მცირე სესხების სახით. 
,,მოხდება  სხვადასხვა ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა და ა.შ.. ეს საკმაოდ საინტერესო და ყოვლისმომცველი პროექტია, რომელიც სრულიად ჯდება  რეგიონული განვითარების ჩვენს ხედვაში“-განაცხადა ვიცე პრემიერმა.