„მინისტრი ტექნიკურად ცრუობს“ - ზვიად ხორგუაშვილი ივანე მაჭავარიანზე

17:50 01-29-2019
318

ფინანსთა მინისტრის განცხადებას გადასახადებთან დაკავშირებით, ეკონომიკის სფეროში მომუშავე ექსპერტები ეხმაურებიან. ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ფიქრობს, რომ ივანე მაჭავარიანი ტექნიკურად ცრუობს, როდესაც გადასახადების შემცირებას შეუძლებლად აცხადებს. ხორგუაშვილის  განცხადებით, 4 მილიარდით გაზრდილი სამთავრობო ხარჯის შემცირებით, ხელისუფლებას საშემოსავლო გადასახადისა და მოგების გადასახადის არათუ შემცირება, საერთოდ გაუქმება შეუძლია.

„რაც ნაკლებია  გადასახადები, მით მეტია ეკონომიკური ზრდა და ამას არამხოლოდ მრავალი კვლევა, არამედ საქართველოს გამოცდილებაც ადასტურებს.

„ქართულმა ოცნებამ“ გადასახადები გაზარდა. არამხოლოდ ერთი - აქციზის გადასახადი გაზარდა მკვეთრად, არამედ ზოგადად საგადასახადო წნეხი. ეს კი მთავარი ინდიკატორია გადასახადების დონის ქვეყანაში, რაც საქართველოში დაახლოებით 25.5-26%-ია.

მინისტრი ტექნიკურადაც ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მეტად დაწევა შეუძლებელიაო. მრავალი არაეფექტიანი ხარჯია, რომლის მოკლების ხარჯზე შეგვიძლია გადასახადების შემცირება. ფაქტია, მთავრობამ, უკანასკნელ წლებში, 4 მილიარდ ლარზე მეტით გაზარდა სამთავრობო ხარჯები. შედეგი კი ისაა, რომ ქვეყანაში სიღარიბე იზრდებოდა და ეკონომიკურ ზრდასაც არ დატყობია მთავრობის აქტიური ჩარევა ეკონომიკაში. ამ თანხად კი მთავრობას არათუ გადასახადების შემცირება შეეძლო, არამედ მთლიანად გაუქმებაც კი ისეთი დიდი და ჯიბეზე წნეხის მქონე გადასახადების, როგორიცაა საშემოსავლო გადასახადი და მოგების გადასახადი. სწორედ ასეთი ნაბიჯი მოგვცემს შედეგს. ამასთან, ეკონომიკური ზრდისთვის ცალსახად აუცილებელია კერძო საკუთრების დაცულობა. აქაც, მათ შორის 2019 წლის heritage foundation - ის კვლევა, რომლითაც მთავრობა ტრაბახობს გვიჩვენებს, რომ სასამართლო დამოუკიდებლობაში რეგრესი გვაქვს. ეს კი ჩვენთვის დამღუპველია, რადგან საკუთრების დაცულობის მხრივ ბევრად უკან ვართ სხვა ქვეყნებთან შედარებით, ვიდრე გადასახადების სიდიდის მხრივ,“ - განაცხადა „პრაიმტაიმთან“ საუბარში ზვიად ხორგუაშვილმა.

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი