„ხატია ბუნიათიშვილი უნგრელი კომპოზიტორის რეინკარნაციაა“

13:13 01-29-2019
461

 

„ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, უნგრელი კომპოზიტორისა და პიანისტის, ფრანც ლისტის რეინკარნაციაა: წინა ცხოვრების ნიჭი, ეროვნებისა და სქესის ცვლილება“,- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რეინკარნაციის კვლევითი ცენტრის პრეზიდენტი.

„რეინკარნაციის ექსპერტი“, ვოლტერ სემკივი წერს:

„ჩვენი ვებ-გვერდის მომხმარებელმა შეგვატყობინა ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილის არსებობის შესახებ. მომხმარებელმა ხატია ბუნიათიშვილის ციტატა გაგვიზიარა, რომელიც პიანისტმა 2011 წელს მის პირველ კომერციულ აუდიო-ჩანაწერთან დაკავშირებით გააკეთა. ბუნიათიშვილი: „მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი პირველი ჩანაწერი ლისტის პორტრეტი იქნებოდა. მხოლოდ მას შეეძლო ჩემი სულის მრავალი ასპექტის ერთიანად წარმოჩენა.“ პიანისტის ამ ციტატამ წარმოშვა ჰიპოთეზა თუ თეორია, რომ ხატია შესაძლოა რეინკარნირებული ფრანც ლისტია.“

სტატიის ავტორი წერს, რომ ამ ინფორმაციის საფუძველზე, სპეციალური სესია მოაწყო ტრანს მედიუმმა კევინ რიერსონმა. „რეინკარნაციის ექსპერტის“ თქმით, მედიუმი სულიერ გზამკლვევს დაუკავშირდა, რომელმაც მას დაუდასტურა, რომ ხატია ბუნიათიშვილი ნამდვილად ფრანც ლისტის რეინკარნაციაა.

სტატიაში ისიც ნათქვამია, რომ ქართველ და უნგრელ პიანისტს შორის ფიზიკური მსგავსებაც არის: „ფრანც ლისტისა და ხატია ბუნიათიშვილის სახის ნაკვთები და ძვლოვანი სტრუქტურა მსგავსია“.

ფრანც ლისტი უნგრელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი იყო, რომელიც მე-19 საუკუნეში მოღვაწეობდა.

„რეინკარნაციის კვლევის“ ვებ-გვერდი მსგავსი ინფორმაციების მოძიებას და რეინკარნაციის არსებობის დამტკიცებას ემსახურება. საიტისთვის მომუშავე ექსპერტებს სწამთ, რომ შეუძლიათ სულებთან დაკავშირება და მათგან სხვადასხვა ინფორმაციის მოპოვება.

რეინკარნაცია რელიგიური ან ფილოსოფიური კონცეფციაა, რომელიც ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, მის ხელახლა მოვლინებას გულისხმობს. ამ კონცეფციის განსაკუთრებით სწამთ ინდუიზმის მიმდევრებს.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია რეინკარნაციას არ აღიარებს, ქრისტიანულ რელიგიაში იგი ოკულტურ იდეად მიიჩნევა.

 

 

ავტორი: მარიამ გიგანი