„ქართულმა პოლიციამ კაცობრიობისადმი რწმენა დამიბრუნა“- ამერიკელი ველოსიპედისტი მადლობას იხდის

12:28 01-25-2019
1604

ამერიკელი ველოსიპედისტი, სახელად ნიკოლი, ქართველ სამართალდამცველებს მადლობას უხდის.

მსოფლიოს გარშემო მოგზაური ქალის "ფეისბუქ" პოსტში ნათქვამია:

„ზღაპარი რეალობად იქცა, ჩვენი ველოსიპედები იპოვეს! მთელი ჩემი არსებობით ვოცნებობდი, რომ კვლავ ვიპოვიდით ველოსიპედებს, თუმცა იმასაც შეგუებული ვიყავი, რომ სამუდამოდ დავკარგეთ.

ქართულმა პოლიციამ კი ჩემს ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მათ ველოსიპედები სომხეთის საზღვართან, პატარა სოფელში იპოვეს და უვნებლად დაგვიბრუნეს. მათ დამიბრუნეს ველოსიპედი და რწმენა კაცობრიობისადმი. როგორც თავად განმარტეს, ეს „ღირსების საკითხი“ იყო. საქართველო, მიყვარხარ. ეს, რომ სხვაგან მომხდარიყო, ასეთი კარგი შედეგით არ დასრულდებოდა.

მადლიერი ვარ ქართული პოლიციისა და ყველასი, ვინც დაგვეხმარა. ნამდვილი როკ-ვარსკვლავები ხართ,“- წერს ნიკოლი.

ნიკოლი შეერთებული შტატების მოქალაქეა, რომელიც თავის ინგლისელ მეგობარ ჯერისთან ერთად, მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით დადის.

ნიკოლი და ჯერი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველომდეც სწორედ ველოსიპედებით ჩამოვიდნენ. გამოზამთრება თბილისში გადაწყვიტეს. ველოსიპედები მათ 19 იანვარს, საქართველოს დედაქალაქში მოპარეს.

ქართულმა პოლიციამ ველოსიპედისტებს 24 იანვარს მიმართა და აცნობა, რომ მათი ველოსიპედები და სრული აღჭურვილობა სომხეთის საზღვარზე იპოვეს.

ნიკოლი და ჯერი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას განაგრძობენ.

ავტორი: მარიამ გიგანი