დიმიტრი ცქიტიშვილი: "არ ვიცი რა დავარქვა ამ ადამიანურ ტრაგედიაზე პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობას"

16:11 01-18-2019
38

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ავთანდილის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.

"ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა ავთანდილის ქუჩაზე. სულისშემძვრელია ის მდგომარეობა, რომელშიც დაღუპული ადამიანების ახლობებლები აღმოჩნდნენ. მსურს, თანაგრძნობა გამოვხატო დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების მიმართ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პოლიტიკაში არსებობს ზნეობა და მორალი. თუმცა, ზოგიერთი ჩვენ კოლეგას ამის დეფიციტი ნამდვილად აქვს. არ ვიცი რა დავარქვა ამ ადამიანურ ტრაგედიაზე პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობას და იმ განცხადებებს, რასაც ზოგიერთი პოლიტიკოსი აკეთებს", - განაცხდა ცქიტივილმა.

მისი თქმით, სანამ დასკვნებს გავაკეთებთ და ვინმეს ბრალეულობაზე ვისაუბრებთ, აუცილებელია დაველოდოთ კომპეტენტურ დასკვნას და მხოლოდ ამის შემდეგ ვაკეთოთ ხმამაღალი განცხადებები.  

"არაპროფესიონალურია იმის თქმა, რომ საცხოვრებელი სახლის ექსპოლუატაციაში შესვლა-არ შესვლა დაკავშირებულია საცხოვრებელი ბინების ენერგომომარაგებასთან. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი პრობლემაა ქალაქში ასეთი დაუსრულებელი სახლების არსებობა, მაგრამ ეს სხვა საკითხია და კავშირში მომხდართან ნამდვილად ვერ იქნება. 

სამწუხაროდ, მშენებლობის სექტორში არსებული რეგულაციების კუთხით ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდა თბილისის დღევანდელ ხელმძღვანელობას. შარშან, საქართველოს პარლამენტმა და მერიამ ერთობლივად ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით, როდესაც გავამკაცრეთ სანქციები უნებართვო მშენებლობაზე, შეთანხმებული პროექტის დარღვევაზე და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების უგულვებელყოფაზე

ამ ცვლილებებს ჩვენი ოპონენტები დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრიან, თუმცა, შეიძლება ითქვას რომ ამ ცვლილებებით რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე ნამდვილად გადავარჩინეთ თბილისის ფარგლებში. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვგეგმავთ გავამკაცროთ სანქციები სხვა მუნიციპალიტეტებშიც. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლიებების ინიიცირება უახლოს მომავალში მოხდება საქართველოს პარლამენტში.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ" - განაცხადა ცქიტიშვილმა.