ადვოკატი- პოლიციელის, ჭაბუკა ლემონჯავას საქმეზე დასაკითხია კიდევ 70-ზე მეტი მოწმე

16:07 01-18-2019
387

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის ჭაბუკა ლემონჯავას საქმეზე მოწმეების დაკითხვა დაიწყო. ბრალდებულის უფლებადამცველმა იოსებ ჯანაშიამ „პრაიმტაიმს“ უთხრა, რომ რამდენიმე მოწმესთან ერთად გარდაცვლილის დედაც დაიკითხა,რომ საქმისთვის მეტი სიმძაფრე შეეძინათ. ადვოკატის თქმით, კიდევ ერთხელ დააყენა შუამდგომლობა ლემონჯავას წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ, თუმცა მოსამართლე შოთა ბიჭიამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

 

„ვფიქრობ, რომ სასამართლო მომდევნო ორ თვეშიც ვერ მოასწრებს საქმის არსებითი განხილვის დასრულებას და მომავალ ჯერზე, ალბათ, სასამართლო იძულებული გახდება იმსჯელოს აღკვეთის ღონისძიების შესახებ. მართალია, ახლა დაიწყო არსებითი განხილვები, თუმცა ბრალდებულს მოუწია 7 თვე წინასწარ პატიმრობაში ყოფნა, რისი ვადაც ორ თვეში იწურება“, - აცხადებს „პრაიმტაიმთან“ იოსებ ჯანაშია.

 

მისივე ცნობით,ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება,რომ შემთხვევის დროს პოლიციელს არ ჰქონდა იარაღი მომარჯვებული და აგრესია მოდიოდა თავად თავდამსხმელის მხრიდან,რომელმაც მას ჩაქუჩი 3-ჯერ მოუღერა.

 

მისივე ინფორმაციით, მოცემულ საქმეზე 70-ზე მეტი მოწმე უნდა დაიკითხოს.

გასული წლის 23 ივლისს მამაკაცს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის დროს სამართალდამცავმა, სავარაუდოდ, წინააღმდეგობის გაწევისას ესროლა. მამაკაცს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. შედეგად, ის ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა. პროკურატურამ საქმე სს კოდექსის 333-ე მუხლის 3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით აღძრა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით.

 

ავტორი: თეა შონია