დიმიტრი ხუნდაძე Freedom House - ის დასკვნაზე - „ეს ან დილეტანტიზმია, ან სუბიექტური დასკვნა, რომელიც საფრთხეს უქმნის თავად ამ ორგანიზაციის იმიჯს"

15:05 01-18-2019
150

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე  Freedom House -  ის კვლევების დასკვნაზე საკუთარ შეფასებას აკეთებს:

„მინდა შევახსენო ფრიდომ ჰაუსის ხელმძღვანელობას, რომ სიტყვა „დემოკრატია“  ხალხის ნების გამოხატულებას, ხალხის მმართველობას ნიშნავს. არა რომელიმე ორგანიზაციის ან პოლიტიკური პარტიის მმართველობის, არამედ, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის. არჩევნების მეორე ტურის შედეგები იყო სწორედ ქართველი ხალხის ნების გამოხატულება. როგორც ჩანს, Freedom House არ მოეწონა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები და გააკეთა სუბიექტური დასკვნა. 

რაც შეეხება არაფორმალურ მმართველობას, აქაც მინდა შევახსენო Freedom House, რომ სწორედ დემოკრატიულ ქვეყნებში მმართველი გუნდის პარტიის თავმჯდომარე  უშუალოდ ერევა პოლიტიკურ პროცესებში და განკარგავს კადრების შერჩევას თუ სხვადასხვა სფეროს პოლიტიკის შემუშავებას. ცოტა არ იყოს, უხერხულია მათი მხრიდან ამ დონის დილეტანტიზმი.

რაც შეეხება ზოგადად დასკვნას და მათ სუბიექტურ პოზიციას, ვეჭვობ, რომ ამ ორგანიზაციას მეორედ მოუწევს ბოდიშის მოხდა ქართველი ხალხის წინაშე. ეს დასკვნა არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. მინდა დავამშვიდო Freedom House - ის ხელმძღვანელობა, რომ საქართველოში დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება, რადგან დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებელია არჩევნები და ამ არჩევნებში ხალხმა საკუთარი ნება გამოხატა. საფრთხე ემუქრება თავად ამ ორგანიზაციის იმიჯს, რადგან ეს ან დილეტანტიზმია, ან რამდენიმე ორგანიზაციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე გაკეთებული სუბიექტური დასკვნა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.