როგორ მოვიქცეთ გაზის გაჟონვის ან CO-ს დაგროვების შემთხვევაში - რეკომენდაციები

14:49 01-17-2019
4751

27 გარდაცვლილი 2018 წელს, 30 გარდაცვლილი 2017 წელს, 29 გარდაცვლილი 2016 წელს და ინტოქსიკაციის 285 შემთხვევა ამ სამი წლის განმავლობაში -  ეს მხოლოდ თბილისის სტატისტიკაა. 

იმის გათვალისწინებით, რომ 2019 წელიც ტრაგიკულად დაიწყო და დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, კვლავ აქტუალურია კითხვა - როგორ დავიზღვიოთ თავი რისკებისგან. 

გარდა იმისა, რომ გაზმომარაგების უსაფრთხოებაზე პირველ რიგში აირის მიმწოდებელმა კომპანიებმა უნდა იზრუნონ, ენერგეტიკოსები მოსახლეობას რამდენიმე რეკომენდაციას აძლევენ, რაც მომხმარებლებმა თავადაც უნდა გაითვალისწინონ. 

- სეზონურად მოქალაქეებმა უნდა მიმართონ გაზის მიმწოდებელ კომპანიას რათა მოხდეს სისტემის და ტექნიკის შემოწმება პროფესიონალების მიერ შესაბამისი ხელსაწყოებით.

- დამატებით შესაძლებელია ნებისმიერ დროს, სპეციალური ხელსაწყოების არქონის შემთხვევაშიც თავად შეამოწმოთ ჟონავს თუ არა გაზი. მილებს და გადაბმის ადგილებს შეგიძლიათ სველი ხელით წაუსვათ საპონი ან ჭურჭლის სარეცხი სითხე. გაჟონვის შემთხვევაში  წარმოიქმნება ბუშტები, შესაბამისად პროცესი ხილვადი გახდება.

-  ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა გაზქურასთან დამონტაჟებული იყოს მცირე ზომის ფანჯარა და ზოგადად ხშირად ხდებოდეს ოთახების განიავება. 

- იმ შემთხვევაში თუ შენობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაკეტილი იყო გაზქურის, ასანთის ანთებამდე ან ნებისმიერი სახის ნაპერწკლის წარმოქმნამდე უნდა გაიხსნას ფანჯრები და მოხდეს განიავება. 

ხშირად ისმის კითხვა როგორ უნდა შევიტყოთ გაზის კონცენტრაციის შესახებ, როდესაც ბუნებრივ აირს სუნი არ აქვს.

გაზმომარაგების დარგის პროფესორი, შოთა მესტვირიშვილი "პრაიმტამთან" ხაზგასმით ამბობს, რომ გაჟონვის შემთხვევაში აირს აუცილებლად უნდა ქონდეს სპეციფიკური სუნი, რადგან მიმწოდებელი კომპანია ვალდებულია აირს სწორედ უსაფრთხოებისთვის საჭირო დანამატი "ოდორანტი" შეურიოს. თუ "ოდორანტის" საკმარისი დოზით შერევა არ ხდება ეს სერიოზული დარღვევაა. 

არსებობს უსაფრთხოების დამატებითი და უფრო მეტად სანდო ტექნოლოგია, რომელიც საქართველოში ნაკლებად ხელმისაწვდომია. ეს არის სპეციალური ინდიკატორები, რომელიც სახლში ბუნებრივი აირის ან ნამწვის, CO-ს კონცენტრაციას ზომავს. ინდიკატორი რისკის აღმოჩენის შემთხვევაში განგაშის სიგნალის იძლევა. 

გაზით, ან ნამწვით ინტოქსიკაციას ახასიათებს სპეციფიური სიმპტომები, რომლისთვის ყურადღების დროულად მიქცევის შემთხვევაში ასევე შესაძლებელია ფატალური შედეგების თავიდან არიდება. ეს სიმპტომებია - თავბრუსხვევა, კანკალი, სისუსტე, შემდეგ კი ძილიანობა

 

ავტორი: ბექა პატურაშვილი