სერგო მეთოფიშვილი ეკა გიგაურს: არანაირი კრიტერიუმები რეალურად არ გაინტერესებთ, თუ გაგაჩნიათ მოსამართლეების ე.წ. “შავი” სია, გამოაჩინეთ!

16:55 01-12-2019
86

მგონი ქალბატონმა გიგაურმაც ბოლომდე მოიხსნა ნიღაბი! მშვენიერია! - ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი ეკა გიგაურის მიმართვას მმართველი გუნდისადმი.

რაც უფრო მეტი ადამიანი მოიხსნის ნიღაბს და აჩვენებს საზოგადოებას მის ნამდვილ სახეს, მით უკეთესია!!!

იმედია, ეხლა მაინც დარწმუნდა საზოგადოება იმაში, რომ ქალბატონ გიგაურს, ისევე როგორც ბევრ სხვა პოლიტიკოს, სინამდვილეში არ აინტერესებს არანაირი კრიტერიუმები, არ აინტერესებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, არ აინტერესებს თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკა, არ აინტერესებს საკუთარი ქვეყნის კონსტიტუცია და ა.შ..

განსაკუთრებით კი მას და მის თანამოაზრე პოლიტიკოსებს არ აინტერესებთ არანაირი კრიტერიუმები! მათი ლოზუნგი - “ჯერ კრიტერიუმები შემუშავდეს და მერე მოხდეს უზენაესი მოსამართლეების არჩევა” - ეს არის მათი მხრიდან მხოლოდ ფარსი!!!

მათი მიდგომა ემსახურება იმას, რომ სისტემის შიგნიდან არავინ არ დაწინაურდეს უზენაეს სასამართლოში (მათი შეფასებით - მთელი სასამართლო სისტემა ხომ უვარგისია და შესაცვლელია)
და გარედან მოხდეს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება გიგაურის და სხვა რამოდენიმე პოლიტიზირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გარკვეული პოლიტიკოსთა ჯგუფის მიერ მოწონებული და მათთან დაახლოვებული ხალხით (რასაც აკეთებდა კიდეც მარგველაშვილი), რათა დაიმორჩილონ სასამართლო! ეს, როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი, პირდაპირ წინააღმდეგობაშია უცხოეთის პრაქტიკასთან, სადაც მხოლოდ კარიერული დაწინაურების პრინციპი მოქმედებს.

ქალბატონო ეკა, მგონი დაღალეთ ყველა თქვენი “ფეიქ ფარსებით”, “ფეიქ ანგარიშებით” და “ფეიკ ნიუსებით”, ამიტომ, მივმართავ ქალბატონ გიგაურს და მისნაირად მოაზროვნე პოლიტიკოსებს - რომ აღარ დაღალოთ საზოგადოება გაანებეთ ამ ფარსს თავი, თქვენ არანაირი კრიტერიუმები რეალურად არ გაინტერესებთ, თუ გაგაჩნიათ მოსამართლეების ე.წ. “შავი” სია, რომლებიც თქვენი აზრით არ იმსახურებენ დაწინეურებას, ერთხელ და სამუდამოდ გამოაჩინეთ ეს სრული სია!!! 
თუ გაქვთ მოსამართლეების “შავი” სია, ვინც თქვენი აზრით გასაგდებია სასამართლოდან, ეს სიაც ერთხელ და სამუდამოდ სრულად გამოაჩინეთ! ამით ბევრი რამ გაირკვევა!

P.S. ერთი კითხვა მაქვს ქალბატონ გოგაურთან: ქალბატონო ეკა, გულწრფელად მინდა გავიგო - თქვენი აზრით, საიას ყოფილი და მოქმედი წევრების გარდა უზენაესი სასამართლოს წევრად შეიძლება სხვაც იქნეს არჩეული? - წერს მეთოფიშვილი.

თვალებში ნაცრის შეყრას აქვს ადგილი. აქ მთავარი პოლიტიკური ნებაა! მმართველმა პარტიამ, სანამ ტექნიკურ დეტალებზე ილაპარაკებს, მკაფიოდ უნდა თქვას აპირებს თუ არა ამ სიაში მყოფი მოსამართლეებისთვის ხმის მიცემას! - დაწერა მანამდე საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ირაკლი კობახიძისა და გიორგი მიქაუტაძის შეხვედრის შესაფასებლად.

ავტორი: