პარიზში აფეთქებისას დაშავებული 12 პირი კრიტიკულ მდგომარეობაშია- მათგან 3 მეხანძრეა

16:23 01-12-2019
133

პარიზში აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან 12 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მათგან სამი მეხანძრეა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

საერთო ჯამში, პარიზის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი აფეთქებისას 20-ზე მეტი პირი დაშავდა.

პოლიცია მოსახლეობას შემთხვევის ადგილიდან თავის არიდებისკენ მოუწოდებს.

საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში, რუა დე ტრევიზის ქუჩაზე აფეთქება დღეს, ადგილობრივი დროით 09:00 საათზე მოხდა. პოლიციის წინასწარი მონაცემებით, აფეთქება საცხობში ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რის შემდეგაც შენობას ცეცხლი მოეკიდა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა საცხობთან ახლოს მდგომი რამდენიმე ავტომობილი და მიმდებარე შენობები.