ზაალ ანჯაფარიძე: მოსამართლეთა ამ სიაში რამდენიმე მოსამართლეა, რომელთაც საზოგადოებას უსამართლო განაჩენებით თავი დაამახსოვრეს

16:07 01-12-2019
114

"ყველა მოსამართლე ერთ დიდ ქვაბში მოიხარშა, თუმცა ამ სიაში არის რამდენიმე მოსამართლე, რომელთაც თავი დაამახსოვრეს საზოგადოებას მათ მიერ გამოტანილი უსამართლო განაჩენებით" - ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ახალი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უვადოდ გასამწესებლად უნდა შეირჩეს, დასავლურ პრაქტიკაში უკვე არსებობს.

ანალიტიკოსი "პრაიმტაიმთან" ამბობს, რომ მოსამართლის კარიერული გზა მნიშნველოვანია, თუმცა არა - გადამწყვეტი. არსებობს სხვა ფაქტორებიც, რის მიხედვითაც უნდა შედგეს ის სია, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს.

"გამოძიებული უნდა იქნეს ისეთი კრიტერიუმი, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო, დასავლურ, ევროპულ, ამერიკულ სტანდარტებს. იქ, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები მკაფიოდ არის გაწერილი, განსაკუთრებით სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში გასამწესებელი მოსამართლეებისთვის. არსებობს ეს კრიტერიუმები და არ იქნება ახლის გამოგონება საჭირო.

მხოლოდ მოსამართლის კარიერული გზა არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია, თუ რა დამოკიდებულება აქვს მის მიმართ საზოგადოებას და ხალხში რამდენად ავტორიტეტულია. უნდა მოხდეს მის მიერ განხორციელებული სამოსამართლეო საქმიანობის და მის მიერ გამოტანლი ვერდიქტების შეფასება. თუ ეს ვერდიქტები საზოგადოებაში იწვევს კითხვის ნიშნებს, სტრასბურგის სასამართლოს აქვს კონტრგანაჩენი გამოტანილი, რა თქმა უნდა, ასეთი მოსამართლეების გამწესება უზენაეს სასამართლოში არ იქნება დადებითი მოვლენა" - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსის თქმით, იმ ათკაციან სიაში, რომელიც ამჟამად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი, არაინ ისეთი მოსამართლეებიც, რომლებიც უვადოდ გამწესებას არ იმსახურებენ. 

"არ არის საუბარი ათივე მოსამართლეზე, თუმცა არის ამ სიაში რამდენიმე მოსამართლე, რომელთაც თავი დაამახსოვრეს საზოგადოებას მათ მიერ გამოტანილი უსამართლო განაჩენებით. ისინი ასრულებდნენ წინა ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთებს, თუმცა ახლა მოხდა ისე, რომ ყველა მოსამართლე ერთ დიდ ქვაბში მოიხარშა" - განმარტა ანჯაფარიძემ და იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკოსები კომპრომისების პოლიტიკურ კულტურას ისწავლიან.

ავტორი: