"მიქაუტაძე და გვრიტიშვილი არ უნდა იყვნენ კანდიდატები, რადგან ისინი არიან საბჭოს წევრები, ეს ინტერესთა კონფლიქტია"- ნაზი ჯანეზაშვილი

15:09 01-12-2019
47

ეს არის შუალედური გამარჯვება, რადგან ცხადია, რომ მოსამართლეთა ათკაციანი სია ამ ფორმით აღარ გადის კენჭისყრაზე, – ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ შემუშავდება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები, რასაც ექნება უკუძალა და სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარდგენილი განახლებული სია.

ჯანეზაშვილის თქმით, პარლამენტმა რამდენიმე პრინციპი უნდა გაითვალისწინოს.

„ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანისას, პარლამენტმა რამდენიმე პრინციპი უნდა გაითვალისწინოს. პირველი, უპირობოდ უნდა გამოცხადდეს კონკურსი. მეორე, აუცილებელია, შეიქმნას ფილტრი, ვიდრე იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატურებს შეარჩევს. მნიშვნელოვანია, შემუშავდეს ინტერესთა კონფლიქტის სტანდარტები. მიმაჩნია, რომ გიორგი მიქაუტაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი არ უნდა იყვნენ კანდიდატურები, რადგან ისინი არიან საბჭოს წევრები, აქ არის ინტერესთა კონფლიქტი. მდივანი თავის თავს არ უნდა ასახელებდეს კანდიდატურად“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შემუშავდება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები, რასაც ექნება უკუძალა და სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარდგენილი განახლებული სია.