გია ნოდია: "უვადოდ რომ გავამწესებთ, ხელისუფლებას აღარ დაუჯერებენ"

15:04 01-12-2019
57

"უვადოდ რომ გავამწესებთ, ხელისუფლებას აღარ დაუჯერებენ" - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია ნოდია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ გამწესების შესახებ მიმდინარე მოვლენებს.

მთავარი, ნოდიას აზრით არის ის, რომ მოსამართლეები მაქსიმალურად განთავისუფლდნენ პოლიტიკოსების გავლენებისგან.

"მთელი პროგრესული საზოგადოება აღშფოთებულია (ეკა ბესელიაც კი მის მხარეს აღმოჩნდა), რა ცუდი უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების სია წარუდგინეს პარლამენტს. რომ მიიღოს პარლამენტმა, საბოლოოდ დასამარდება მართლმსაჯულება და ა. შ.

სასამართლო რომ ცუდ დღეშია და ხელისუფლებას რომ მასზე სრული კონტროლი უნდა, ამაში ეჭვი არ მეპარება. შეიძლება, ეს კონკრეტული მოსამართლეებიც ცუდი ხალხია - არც ამავე ვაპირებ დავას, არ ვიცნობ.

მაგრამ პრობლემა იმაში კი არაა, რომ ამ სიაში ცუდი ხალხია, არამედ იმაში, რომ ვეღარავინ ამბობს, კარგი სასამართლო როგორ მივიღოთ. ინსტიტუციური რეფორმები, რაც აქამდე განხორციელდა, ძირითადად შეესაბამება ევროპელების რჩევებს. მათი ძირითადი იდეა ისაა, რომ მოსამართლეები მაქსიმალურად განთავისუფლდნენ პოლიტიკოსების გავლენებისგან. მას შემდეგ, რაც ისინი უვადოდ დაინიშნებიან, ხელისუფლებას აღარ ექნება ბერკეტები სასამართლოზე გავლენის მოსახდენად და ეს უკანასკნელი დამოუკიდებელი გახდება. ის მოსამართლეებიც, ვისაც ახლა ყველა აგინებს, აქამდე ნებისმიერ ხელისუფლებას ემსახურებოდნენ იმიტომ, რომ მასზე იყვნენ დამოკიდებული; უვადოდ რომ გავამწესებთ, ხელისუფლებას აღარ დაუჯერებენ.

აქამდე ეს ხედვა იყო სასამართლო რეფორმის მანათობელი შუქურა. თუ ეს სწორი თეორია იყო, მაშინ ახლა რაღას ვეწინააღმდეგებით? თუ არ არის სწორი თეორია, მაშინ სწორი რომელია? მურუსიძე თუ ჩითრიკაშვილი რამდენად კარგი თუ ცუდი მოსამართლეები არიან, ეს ნაკლებად მაინტერესებს" - წერს ნოდია.

ავტორი: