იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერაფერი გაიგო... შემდეგში, მათი წარმოდგენილი 10 კაციანი სია არ გავა! - თამარ ჩუგოშვილი

13:58 01-12-2019
165

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში მიმდინარე პროცესებიდან მგონი ვერაფერი გაიგო - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებას, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს რესურსი პარლამენტს კიდევ წარუდგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურები.

"მე არ ვიცი საბჭოს რა გონია, რა გაიგო იმ პროცესებიდან, რაც პარლამენტში მიდის, მგონი ვერაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ შემდეგში, მათი წარმოდგენილი 10 კაციანი სია არ გავა! 

მოსამართლეების კანდიდატების მოსამართლეების შერჩევის პროცედურას შექმნის პარლამენტი, მხოლოდ ამის შემდეგ წარმოდგენილ 18 კანდიდატურაზე ვიმსჯელებთ" - წერს ჩუგოშვილი.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, ისაუბრეს იმ პროცედურებზე, რის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის განხილვა და დამტკიცება უნდა მოხდეს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოსამართლის მიმართ კითხვები იარსებებს, შემუშავდება ახალი კრიტერიუმები და მოხდება ამ კონკრეტული მოსამართლის შესახებ მსჯელობა.

„უზენაეს სასამართლოში უნდა იყოს მინიმუმ 28 მოსამართლე. დღეს არის მოქმედი 10 მოსამართლე. წარდგენილია - 10. ბუნებრივია, რომ ეს წარმოდგენილი 10 კანდიდატურა არაა საკმარისი. კიდევ იქნება. რა თქმა უნდა, იუსტიციის საბჭოს აქვს რესურსი პარლამენტს კიდევ წარმოუდგინოს კანდიდატურები, ეს საჭიროებაც არსებობს და ბუნებრივია ასე იქნება“ - განაცხადა შეხვედრის შემდეგ მიქაუტაძემ.

ავტორი: