ძებნილი, რომლის პოვნაზეც £25 000 ჯილდოა დაწესებული, შესაძლოა საქართველოში იმალება (ექსკლუზივი)

16:06 01-11-2019
4035

ბრიტანელი მამაკაცი სახელად ჯეკ შეპარდი (დაბადებული 1987 წლის 17 აგვისტოს), რომელიც სასამართლომ უხეში გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის დამნაშავედ ცნო, შესაძლოა საქართველოში იმალება.

ამის შესახებ ადგილობრივ მედიას, მსხვერპლის მამამ, მეტროპოლიტენის პოლიციაზე დაყრდნობით განუცხადა.

55 წლის გრეჰამ ბრაუნის თქმით, პოლიციამ მის ოჯახს განუმარტა, რომ ჯეკ შეპარდი საზღვარგარეთ გაიქცა.

„პოლიციამ თავდაპირველად გვითხრა, რომ ის საქართველოში გაიქცა,“_ ამბობს დაღუპულის მამა.

ბრიტანული გამოცემების, Daily Telegraph-ის და Daily Mail-ის ჟურნალისტებიც დეტქტივებზე დაყრდნობით, მიიჩნევენ, რომ ძებნილი შესაძლოა მართლაც საქართველოში იმალება.

ამჟამად ბრიტანული პოლიცია არ აკონკრეტებს ჯეკ შეპარდი გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე იმალება, თუ  საზღვარგარეთ არის გაქცეული.

ინციდენტი, რის გამოც, ჯეკ შეპარდს ბრალი წაუყენეს, 2015 წლის 9 დეკემბერს მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა პაემანზე დაპატიჟა 24 წლის ქალი, სახელად შარლოტა ბრაუნი და თავისი კუთვნილი კატერით გაასეირნა. იგი ნავს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და დასაშვებ სიჩქარეზე ორჯერ სწრაფად მოძრაობდა. არსებობს ჩანაწერი, სადაც ისმის, რომ ქალი მას შეჩერებას სთხოვს. სიჩქარის გამო კატერი გადაბრუნდა. ჯეკ შეპარდმა მისი თანმხლები ქალბატონის გადარჩენა არ სცადა. მან არც ადგილზე მისულ მაშველებს უთხრა, რომ მასთან ერთად სხვა ადამიანიც იმყოფებოდა, რომელიც ასევე წყალში ჩავარდა. გარკვეული დროის შემდეგ, მაშველებმა შარლოტა ბრაუნი იპოვეს და წყლიდან ამოიყვანეს. იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჯეკ შეპარდი ბოლოს ბრიტანეთში 2018 წლის 31 მარტს ნახეს. სასამართლომ, იგი დამნაშავედ ივლისის თვეში ცნო და დაუსწრებლად 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა მსჯავრდებული ამ დრომდე ძებნაშია.

გამოცემა Daily Mail-მა მის მპოვნელზე 25 000 გირვანქა სტერლინგის ოდენობის ჯილდო დააწესა.

იმყოფება თუ არა ჯეკ შეპარდი საქართველოს ტერიტორიაზე ან გადმოკვეთა თუ არა მან საქართველოს საზღვარი 2018 წლის მარტიდან ამ დრომდე,  ამის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია ამ ეტაპზე არ  არსებობს.

ამ საკითხზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს და განმარტავს, რომ ასეთი ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებს მიეკუთვნება.

ავტორი: მარიამ გიგანი