ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილი პროკურატურას მიმართავს

12:55 01-11-2019
268

ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია საქართველოს პროკურატურას მიმართავს, გამოიძიოს აღნიშნული სკოლის საქმე და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის აცხადებს, რომ პროტესტის სხვადასხვა ზომას მიმართავს.

ბაჩანა შენგელიამ პოსტი ფეისბუკის გვერდზე დაწერა. “ძალიან მიკვირს მეთქი რომ ვთქვა, არ ვიქნები მართალი. მაგრამ მაინც: 2. კონკრეტული დანაშაულის შესახებ განცხადებით მივმართეთ პროკურატურას და შსს-ს, მოვითხოვეთ გამოძიება, წარვუდგინეთ მტკიცებულებები; 3. გამოვითხოვეთ საქმის მასალები, საჯარო ინფორმაციები, პასუხად ვიღებთ ცარიელ ბლანკებს და დაუსაბუთებელ, აბსურდულ უარებს განცხადებებზე; ხვალ პროკურატურას წარვუდგენთ დამატებით მტკიცებულებებს ვიდეო-ფაილების სახით, სადაც არაერთი ადამიანი დეტალურად ყვება მომხდარის თაობაზე. მათ შორის, წარვუდგენთ იას ათწუთიან ინტერვიუს, რომელშიც პირდაპირ საუბრობს დანაშაულზე და მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლაზე. საქართველოს მთავარი პროკურატურა კიდევ ერთხელ გთხოვთ, გამოიძიოთ ეს საქმე. უბრალოდ გამორიცხულია სხვაგვარად, შეისწავლეთ, გაეცანით და დაიწყეთ გამოძიება უახლოესი ორი კვირის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ პროტესტის სხვადასხვა ზომას. აქვე შეგახსენებთ, რომ გავიდა ის ერთთვიანი ვადა, რომლის განმავლობაში ქართული ოცნების ოთხმა დეპუტატმა მოითხოვა საქმის გამოძიება, პასუხი ძალოვანი უწყებებიდან არის არაფერი.ნუ გამოცდით ჩვენს მოთმინებას, გამოიძიეთ დანაშაული და მიეცით პასუხისგებაში დამნაშავეები, განათლების მინისტრის ჩათვლით, ნუ გახდებით თავად სისტემური დანაშაულის მონაწილე!” – ვკითხულობთ პოსტში.

მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტის მძიმე დიაგნოზით 2018 წლის 9 დეკემბერს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. დედის ჯანმრთელობის გაუარესებას მისი შვილი მასზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებდა. ია კერზაია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ღიად აცხადებდა, რომ ზეწოლას განიცდიდა ხელისუფლებისგან.

ავტორი: თეა შონია