მინდია გოგოჭურთან ერთად დაკავებულ გიორგი რაზმაძეს ბრალი წაუყენეს

21:40 01-10-2019
237

გიორგი მარგველაშვილის სიძესთან, მინდია გოგოჭურთან ერთად დაკავებულ გიორგი რაზმაძეს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით ბრალი დღეს ოფიციალურად წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაცია “პრაიმტაიმს” პროკურატურაში დაუდასტურეს.

გიორგი რაზმაძე მინდია გოგოჭურთან ერთად თბილისში ხუთ დეკემბერს სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. რაზმაძეს სამართალდამცავი უწყება სისხლის სამართლის ორ საქმესთან დაკავშირებით ეძებდა.

ერთ-ერთი საქმე ეხება 2018 წლის 26 მაისს, დადიანის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტს, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.

მეორე საქმე კი, რისთვისაც რაზმაძე იძებნებოდა, მოხდა 2018 წლის თებერვალში, ასევე დადიანის ქუჩაზე, სადაც მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ახალგაზრდას. გამოძიება ამ საქმეზე 126-ე მუხლით დაიწყო.

ამჯერად კი ბრალი 236-ე მუხლით დაუმძიმდა.