„ვიტესი გამოირიცხა, კრილიაში მივდივარ“ - ჯანო ანანიძე „კრილია სოვეტოვში“ გადავიდა

18:02 01-10-2019
63

მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე სეზონის დარჩენილ ნაწილს რუსულ „კრილია სოვეტოვში“ იჯარის წესით გაატარებს. ინფორმაცია მოსკოვური კლუბის ოფიციალურმა ვებ გვერდმა დაადასტურა.

26 წლის ფეხბურთელმა „სპარტაკის“ ვებ გვერდთან ახალ კლუბში გადასვლის შესახებ ისაუბრა.

„არ დავმალავ, რომ საკუთარი ძალების მოსინჯვა ევროპაში მსურდა. „ვიტესის“ მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკიც დამიკავშირდა და არ დავმალავ, რომ სწორედ ეს ვარიანტი იყო ჩემთვის პრიორიტეტული. ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებასაც დავთანხმდი, მაგრამ სამწუხაროდ, საბუთების შეგროვებაში პრობლემები შემექმნა და ტრანსფერიც ვერ შედგა.

მადლობას ვუხდი „სპარტაკს“, რომ არჩევნის საშუალება მომცა. „ვიტესამდე“ შემოთავაზება „კრილია სოვეტოვისგან“ მქონდა, მაგრამ როდესაც ჰოლანდიაში გადასვლის შანსი მომეცა, „სპარტაკს“ ვთხოვე, რომ ცოტა დრო მოეცა.

ახლა „ვიტესის“ ვარიანტი გამოირიცხა და „კრილიაში“ მივდივარ. 14 იანვრიდან მოსამზადებელ ეტაპზეც მივიღებ მონაწილეობას. რუსეთში სხვა ვარიანტებიც არსებობდა, თუმცა კლუბის მთავარი მწვრთნელი მიოდრაგ ბოჟოვიჩი პირადად დამიკავშირდა და შევპირდი, რომ თუ სხვა ქვეყნაში არ წავიდოდი, მის კლუბში გადავიდოდი. ჩვენ „როსტოვში“ ერთად ვმუშაობდით და ჩემს შესაძლებლობებს კარგად იცნობს.

ამ მდგომარეობის მესმის და ჩემს ვითარებასაც ადეკვატურად ვაფასებ. ტრავმის გამო თავის გამოჩენის საშუალება არ მომეცა და ახლა მხოლოდ თამაშებში უნდა დავამტკიცო, რომ ძლიერი ფეხბურთელი ვარ.  არ მსურს მხოლოდ 5 წუთი თამაში, მსურს რომ მოედანზე რეგულარულად გავდიოდე. მხოლოდ ასე შემიძლია გავხდე უფრო ძლიერი, დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები და დავბრუნდე „სპარტაკში“. - განაცხადა ჯანო ანანიძემ.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე