ადვოკატთა ნაწილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების უმრავლესობას უნდობლობას უცხადებს

15:54 01-10-2019
387

ადვოკატთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ​თა  სია არსებული  სახით არ უნდა დაამტკიცოს. უფლებადამცველები სიაში მყოფ მოსამართლეთა უმრავლესობას წარსულს უწუნებენ და უნდობლობას უცხადებენ.

„მე ათივე მოსამართლეზე არ მაქვს  საუბარი, მაგრამ მათი  უმრავლესობა ნამდვილად არ სარგებლობს ადვოკატთა კორპუსში დადებითი რეპუტაციით.  არიან ადამიანები რომლებიც ყველა ხელისუფლების დროს ხელისუფლების და პროკურატურის ინტერესს ატარებდნენ.  მაგალითად ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი, მურუსიძე. ჩინჩალაძესთან დაკავშირებით არის საკმაოდ მყარი და დასაბუთებული ვარაუდი ,ისევე  როგორც მურუსიძესთან, რომ ისინი სარგებლობენ  გავლენებით.  როცა სჭირდება პროკურატურას ან ხელისუფლებას მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება, იქ რიგითი პროკურორი კი არ რეკავს და ეუბნება მოსამართლეს რომ ასეთი გადაწყვეტილება  მიიღე, არამედ ისეთი მოსამართლეები როგორებიც  არიან მურუსიძე და ჩინჩალაძე, მათთან ხდება დაკონტაქტება. არსებობს მოსაზრება რომ სწორედ ეს ადამიანები სხვა მოსამართლეებთან „ალაგებენ“ საქმეებს“-აცხადებს „პრაიმტაიმთან“ საუბარში ადვოკატი გიორგი ფანცულაია.

ადვოკატთა ნაწილი თვლის, რომ სასამართლო სისტემა ახალი კადრებით უნდა დაკომპლექტდეს.

„სიაში ვხედავთ რამდენიმეს კარგ კადრსაც, მაგალითად ნინო სანდოძე, თუმცა ძირითად შემთხვევაში იქ არიან ადამიანები რომელთა მიმართაც საზოგადოებას აღარ გააჩნია ნდობა. შესაბამისად ადვოკატთა ნაწილი ვფიქრობთ, რომ უზენაეს სასამართლოში უნდა იყვნენ უფრო გამოცდილი და წრფელი წარსულის მქონე პირები. სასამართლო სისტემაში აუცილებელია ახალი კადრების მოყვანა. უზენაეს სასამართლოში ძველი კადრების დაბრუნება იქნება იმის დადატურება, რომ ისევ არსებობს სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობა.  წარმოდგენილი სიიდან რამდენიმე გვარი საზოგადოების მხრიდან ნდობას ვერ იმსახურებს. -ამბობს ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი

უფლებადამცველი ელისო რუხაძე კი მოსამართლეთა შერჩევის პროცესში პროფესიული საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს.

„მხოლოდ მოსამართლეთა რიგებიდან არ უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა.  მხოლოდ მოქმედი მოსამართლეები არ უნდა იყვნენ, რომლებიც პირდაპირ პროპორციულად ასრულებენ იმ დავალებებს, რომლებიც მოდის იუსტიციის საბჭოდან. ნეიტრალური პირების არსებობა და თუნდაც მონაწილეობის დონეზე მათი ჯანსაღი აზრის დაფიქსირება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესი“-განუცხდა „პრაიმტაიმსს“ ადვოკატმა ელისო რუხაძემ

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. კანდიდატების სია საპარლამენტო უმრავლესობაში დაპირისპირების მიზეზი გახდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა და სიის უკან გაწვევა მოითხოვა.  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის კრიტიკაც დაიმსახურეს. 

ავტორი: თორნიკე ხურციძე