ვახტანგ ჭარაია - მსოფლიო ბანკის კვლევა პოზიტიურად აფასებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს

15:37 01-10-2019
35

მსოფლიო ბანკის კვლევა პოზიტიურად აფასებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს - ამის შესახებ თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.

ჭარაია ამბობს, რომ მსოფლიო ბანკი, სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მსგავსად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დროს ითვალისწინებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საკითხებსაც.

"განსაკუთრებით, რეგიონულ მდგომარეობას. ამ მხრივ, მსოფლიო ბანკის კვლევა პოზიტიურად აფასებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და მიიჩნევს, რომ რეგიონშიც სიტუაცია სტაბილიზაციისაკენაა მიმართული. მაგალითად, ამოწურულია თურქეთ-ამერიკის პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც თურქული ლირის მასშტაბური გაუფასურების ფონზე მიმდინარეობდა და პრობლემებს უქმნიდა ქართულ ეროვნულ ვალუტასაც", - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ.

მსოფლიო ბანკის 2019 წლის 8 იანვრის ანგარიშის თანახმად, საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება და ის წინა ანგარიშთან შედარებით 0.2% პროცენტული პუნქტით 5.0% - მდეა გაზრდილი. ამასთან ერთად, საქართველო გაუსწრებს მის მეზობელ ყველა ქვეყანას, კერძოდ საქართველოს შემდგომ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა სომხეთში იქნება მოსალოდნელი - 4.3% იქნება, აზერბაიჯანში - 3.6%, თურქეთში 1.6%, ხოლო ყველაზე ნაკლები კი რუსეთში 1.5%.

ცნობისთვის, მსოფლიო ბანკის მსგავსად საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც (IMF) და აზიის განვითარების ბანკმაც (ADB) გაზარდეს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის მომდევნო წლებში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება, თავის რეგიონში კი ცალსახა ლიდერის პოზიციას მოირგებს.