ხაჭაპური ქართული კერძია და არა რუსული - Taste Atlas ქართველებს ბოდიშს უხდის

15:12 01-10-2019
386

მსოფლიოს კერძებისა და სასმელების ატლასი Taste Atlas, საქართველოს მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

აღნიშნულ ვებ-გვერდზე, მსოფლიოს საუკეთესო კერძების სიაში ხაჭაპურიც იძებნება, რომელიც რეიტინგულ ასეულში ლიდერობს. აქვე მითითებულია ის რესტორნები, სადაც ხაჭაპურის დაგემოვნება შეიძლება. ჩამოთვლილი 8 რესტორნიდან 4 რუსეთში მდებარეობს და პირველი სამი არჩევანიც საიტმა სწორედ რუსულ რესტორნებზე შეაჩერა.

ამ ფაქტმა სოციალური ქსელის მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია. PrimeTime დაუკავშირდა Taste Atlas-ს და დაინტერესდა თუ რა პრინციპით დაასახელეს რუსული რესტორნები საუკეთესო ხაჭაპურის დასაგემოვნებლად.

როგორც Taste Atlas-ის მედია მენეჯერმა PrimeTime-ს განუმარტა, რომ კომპანიას ეს განზრახ არ გაუკეთებია და არ აყენებს რუსულ რესტორნებს ქართულზე წინ. აქვე განმარტეს, რომ ისინი ხაჭაპურს რუსულ კერძად არ მიიჩნევენ და აღიარებენ, რომ ეს ტრადიციული ქართული კერძია.  მსოფლიო კერძების ატლასი აქვე ბოდიშს უხდის საქართველოს მოსახლეობას შექმნილი უხერხულობის გამო. Taste Atlas-ის განცხადებით, მონაცემები საიტზე ინტერნეტში მოპოვებული და შემდეგ გაანალიზებული ინფორმაციის მიხედვით იდება. 

ხაჭაპურის დასაგემოვნებლად საუკეთესო რესტორნების მოძიებისას, საიტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ რუსულ რესტორნებს ბევრად მეტი შეფასება და აღწერა ჰქონდათ ქართულ რესტორნებთან შედარებით. სწორედ ამ პრინციპით მიუთითეს მათ ვებ-გვერდზე 4 რუსული რესტორანი ხაჭაპურის დასაგემოვნებლად. 

Taste Atlas მიმართავს საქართველოს მოსახლეობას, რომ არ ჰქონდა განზრახული საქართველოს მოსახლეობისთვის შეურაცხყოფის მიყენება და კიდევ ერთხელ ბოდიშს იხდის ამ გაუგებრობის გამო.

 

ავტორი: მარიამ გიგანი