"ალბათ დამიბარებენ... ნუ, მინიმუმ ყავაზე მაინც..." - "TV პირველის" მფლობელი "თიბისის" საქმეზე

12:06 01-10-2019
501

კომპანიების "სამგორი თრედისა" და "სამგორი M"-ის მეწილე, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილი, "TV პირველის" მფლობელი ვახტანგ წერეთელი "თიბისი ბანკის" წინააღმდეგ პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ვახტანგ წერეთლის თქმით, ვერ ხვდება რას იძიებენ, როდესაც გამოძიებას კი აქამდე არ გამოუკითხავს.

"მთელი დღეა მიზანმინართულად არ დავწერე არაფერი  თიბისი ბანკის ამბავზე – ველოდებოდი, როგორ განვითარდებოდა პროცესები და განვითარდა ძაან სასაცილოდ, ძაან ანეგდოტურად – პროკურატურა სერიოზული სახით ამბობს გამოძიება მიდისო, დავკითხეთ ყველა ფიგურანტიო. რა მაინტერესებს იცით? იმ ორი კომპანიიდან, რომელზეც ამბავია ატეხილი, ორივეს წილს ვფლობ მე, თანაც ძალიან სოლიდურს. რას იძიებენ ესენი, ვერ გავიგე, როცა მე ამ წამამდე არავის დავუბარებივარ გამოკითხვაზე.  აი, ამიტომ მეცინება ამ გამოძიებაზე. თუ აქ რაღაც სხვა, მიღმა ამბავი არაა, წესით, მე ხომ უნდა დავებარებინე ვინმეს? მგონი, საბუთებში არც ჩაუხედავთ)))))) ამ ჩემი სტატუსის მერე კი, როცა ჩემგანვე აღმოაჩენენ, რომ თურმე გამოსაკითხი ვარ, ალბათ დამიბარებენ... ნუ, მინიმუმ ყავაზე მაინც)))))) სასწაული გამოძიება ჩაუტარებიათ)))) სასწაული)))))”, – წერს წერეთელი. 

TV პირველის მფლობელი, ვახტანგ (ვატო) წერეთელი იმ კომპანიების მფლობელია, რომლებიც თიბისი ბანკიდან ფულის გათეთრების საქმეში ფიგურირებს. პროკურატურის ინფორმაციით, ბანკმა იმ კომპანიებზე გასცა 17 მილიონი დოლარის სესხი, რომელმაც თიბისის დამფუძნებელებს მამუკა ხაზარაძესა და ავთო ჯაფარიძეს იგივე თანხა ასესხა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ვახტანგ წერეთელი შპს სამგორი თრეიდის 50%-იანი წილის მფლობელი, ხოლო შპს სამგორი M-ში 20%-იანი წილის მფლობელია. ორივე კომპანია სესხის აღებამდე დაახლოებით 2 წლით ადრე დაფუძნდა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, „თიბისი ბანკის“ საქმეზე ბანკის ხელმძღვანელი პირები და ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი დაიკითხა.

მათი ინფორმაციით, დაკითხულ იქნა საქმესთან შემხებლობაში არსებული ყველა პირი. საქმეზე პროკურატურამ განცხადებაც გაავრცელა.