რა წერია საქართველოს ტომოსში და რითია უკრაინულისგან განსხვავებული - „ეპარქიების გარდა... უკრაინის ტომოსი გამორიცხავს კათოლიკოსის წოდებას ახალი ეკლესიის მეთაურისთვის“

18:04 01-09-2019
1714

ავტორი: ქეთი ხატიაშვილი

რა პარალელები არსებობს ამერიკის მიერ 2008 წელს აღიარებულ კოსოვოს სახელმწიფოს და 2019 წელს კონსტანტინეპოლის მიერ აღიარებული უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას შორის? რა წერია საქართველოს ტომოსში და რითია ის უნიკალური და განსხვავებული.

ყველა ხელისუფლება იდგა სერიოზული რისკების წინაშე. ჯერჯერობით ზვიად გამსახურდია იყო პირველი და უკანასკნელი, ვინც სერიოზულ რისკებს ვერ გაუმკლავდა - ის იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. შევარდნაძე იძულებული გახდა დსთ-ში შესულიყო, სააკაშვილი იძულებული გახდა უარი ეთქვა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ეს ხელისუფლება კი იძულებულია დუმილის უფლება გამოიყენოს უკრაინის ეკლესიისთვის მინიჭებული დამოუკიდებლობის სტატუსზე. ვითარებები სხვადასხვა იყო, თუმცა, რისკი და საფრთხე ყველა ხელისუფლებას, აფხაზეთისა და ცხინვალის სახით, საერთო ჰქონდა.

ძალიან შორს რომ არ წავიდეთ კოსოვო გავიხსენოთ.

მიხეილ სააკაშვილმა არ სცნო კოსოვოს დამოუკიდებლობა. აღიარება კოსოვოს წინააღმდეგ სერბეთის მიერ ძალის გამოყენებას, რეპრესიულ პოლიტიკას და ომის დანაშაულებს მოჰყვა. ვაშინგტონმა ის 2008 წელს აღიარა.

თბილისს მაშინ ეშინოდა, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება შექმნიდა სახიფათო პრეცენდენტს, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით. პირველად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასეთ კავშირს „ტყუილი“ უწოდა, თუმცა, მოგვიანებით პუტინმა ლავროვის „ტყუილი“ მონათლა ტყუილად და თქვა, რომ კოსოვოს მაგალითი ვერ იქნება განსაკუთრებული:

”აი, მაგალითად, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, დნესტრისპირეთი არსებობენ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ჩვენ მუდამ გვეუბნებიან, კოსოვო განსაკუთრებული შემთხვევააო. ეს ტყუილია, არავითარი განსაკუთრებული შემთხვევა აქ არ არის და ეს ყველას მშვენივრად ესმის”, - თქვა ვლადიმირ პუტინმა მაშინ რუსეთის პრეზიდენტის რანგში თავის ბოლო პრესკონფერენციაზე.

თქვა და გააკეთა კიდეც - აღიარა აფხაზეთი და ცხინვალის დამოუკიდებლობა.

ეს ისტორია ნამდვილად დაიწყო გამსახურდიას დროს, გაღრმავდა შევარდნაძის პერიოდში, დაიკარგა სააკაშვილის დროს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ახალი გამოწვევის წინაშე დადგა. ისტორიკოსი და ანალიტიკოსი დავით გამცემლიძე თბილისის ფრთხილ პოზიციას ორი მიზეზით ხსნის, ერთი სწორედ სოხუმს უკავშირდება:

„მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ეკლესიის უმაღლესი იერარქია უფრთხის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას, არის ამ იერარქიის წარმომადგენელთა აბსოლუტური უმრავლესობის წარსული და ამჟამინდელი მჭიდრო კავშირი რუსეთის ეკლესიასთან. ბევრ მათგანს სემინარია რუსეთში აქვს დამთავრებული, ინარჩუნებენ მჭიდრო კავშირებს რუს მღვდელმთავრებთან, ურთიერთობენ საღვთისმეტყველო საკითხებზეც. ამ მომენტს ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ ექსპერტები, არადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რაკი ქართველ იერარქთა უმრავლესობას არა აქვს საშუალება (ერთდროულად რამდენიმე მიზეზის გამო) საღვთისმეტყველო საკითხებზე ბერძნულ ეკლესიებთან ითანამშრომლოს ან ბერძნულ ენაზე გამოცემულ საღვთისმეტყველო ლიტერატურას ეზიაროს.....პრობლემაა ენის ცოდნა, თუმცა არა მხოლოდ.....მღვდელმთავართა დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ სავიზო მხარდაჭერა რუსული ეკლესიისგან, გარდა ამისა, ქართული მრევლისთვის მნიშვნელოვანია მრავალი რუსი წმინდანი, ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება, თუმცა, ზოგჯერ ხერხდება აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული საეკლესიო პრობლემატიკის გადაწყვეტა მოსკოვის საპატრიარქოს დახმარებით - ქართველი მღვდლების შესვლა ქართულ ეკლესიებში მოსალოცად...გავიხსენოთ აგრეთვე 2008 წლის აგვისტო: პატრიარქი თვლის, რომ „დავალებულია“ რუსული საპატრიარქოსგან, რაკი სწორედ მოსკოვის საპატრიარქოს დახმარებით მოახერხა მაშინ ქართველიო ტყვეების გათავისუფლება, გარდაცვლილების გადმოსვენება.....უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება უეჭველად იმას ნიშნავს (რასაც უფრთხიან ქართველი მღვდელმთავრები), რომ რუსული ეკლესია გაწყვეტს ევქარისტულ კავშირს ქართულ ეკლესიასთან და ყველა სხვა არხიც გაწყდება. რამდენად უნდა ეშინოდეთ ამის სხვა საკითხია, მაგრამ ამას ნამდვილად უფრთხიან - ეს ფაქტის კონსტატაციაა.

მეორე  მიზეზი უკავშირდება აფხაზეთის პრობლემატიკას: საქართველოს საპატრიარქო უფრთხის, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებით, თავად „დაადასტურებს“ პრეცედენტს, რომლითაც ისარგებლებენ აფხაზი საეკლესიო სეპარატისტები - ე.წ. „აფხაზეთის წმიდა მიტროპოლიის“ მესვეურები, დოროთე დბარი, დავით სარსანია და სხვანი, რათა ამ პრეცედენტზე და მით უმეტეს საქართველოს ეკლესიის მიერ ამ პრეცედენტის კანონიკურობის აღიარებაზე აპელირებით სცადონ ე.წ. „აფხაზეთის ავტოკეფალიის“ იდეის ლობირება არა მხოლოდ და არა იმდენად მოსკოვში, არამედ იმავე კონსტანტინოპოლში, ათენში, ალექსანდრიაში, სოფიაში, ბუქარესტში, ბელგრადში და სხვა მართლმადიდებლურ ცენტრებში. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მცხეთა-თბილისის ტახტი უკრაინის ავტოკეფალიას არც ერთ შემთხვევაში არ აღიარეს რა საფრთხეებსაც არ უნდა ხედავდნენ, აუცილებლად აღიარებენ თუკი დაინახავენ და დარწმუნდებიან, რომ მართმადიდებელ ეკლესიათა დიდი ნაწილი მხარს უჭერს მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებას: რა მოსაზრებებიც არ უნდა ჰქონდეთ, ქართველი იერარქები არ დაუშვებენ დარჩნენ იზოლაციაში - მოსკოვისა და ანტიოქიის ამარა. ასე რომ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მართმადიდებელ სამყაროში: რა გადაწყვეტილებას მიიღებს სხვა 12 ეკლესია უკრაინასთან დაკავშირებით. არც პატრიარქ ილია მეორეს და არც სინოდს არ დაუგმია უკრაინის ავტოკეფალია და არანაირი ფორმით არ გამიჯვნია კონსტანტინეპოლის გადაწყვეტილებას. თუმცა ამ საქმეში „ლიდერობის“რესურსი რომ არ გააჩნიათ,ესეც ფაქტია.“

საქართველოს ტომოსი

საერთოდ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწია საქართველომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს კონსტანტინოპოლისგან აღიარებას. ამ ფაქტს მხოლოდ კათოლიკოსს პატრიარქის ილია მეორეს მიაწერენ. 

ცნობილი არც საქართველოს ტომოსია. თუმცა, მცირე სახის ამონარიდებს ჩვენ მაინც მივაკვლიეთ:

„საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელში“  ნათქვამია: - „დიმიტრიოსი, წყალობითა ღმრთისაითა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი... კავკასიის კურთხეულ მიწაზე, ამჟამად საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებში შემავალი წმიდა და მართლმადიდებელი ეკლესია, რომელმაც უძველესი დროიდან მიიღო თვითმმართველი და თავისუფალი განმგებლობა და შესაბამისად საეკლესიო მმართველობითი ორგანიზაციაც... მიმართავს ყოველი ხელსაყრელი შემთხვევისას ჩვენს ეკუმენურ საპატრიარქო ტახტს და ითხოვს კურთხევასა და მტკიცებას თავისი თვითმმართველობითი სტრუქტურისა... ჩვენი უმდაბლესობა და ჩვენი კურთხეული მიტროპოლიტები... განიმსჭვალა აზრით... ცნოს და დაამტკიცოს საქართველოს წმიდა ეკლესიის ავტოკეფალია და დამოუკიდებელი სტრუქტურა... სინოდის გადაწყვეტილებითა და სულიწმიდით განათლებულნი ვაცხადებთ საქართველოს უწმიდეს ეკლესიას იმავე თვითმმართველი სტრუქტურითა და ორგანიზმებით, რაც უძველესი დროიდან ჰქონდა და რაც დამოწმებულია, აგრეთვე ბალსამონის მიერ, რომელიც წერს: „...ამბობენ, რომ დღესა მათ შინა უწმიდესისა პატრიარქისა ღვთაებრივი ქალაქისა დიდისა ანტიოქიისა უფალი პეტრესი, გამოტანილ იქნა სინოდური დადგენილება, რომ იქმნეს თავისუფალი და ავტოკეფალური ეკლესია იბერიისა“, მივიჩნევთ რომ იგი არის ძმურ მართლმადიდებელ ეკლესიათა პლეადაში და ვადასტურებთ, აგრეთვე იმას, რომ იგი სახელდებულია, როგორც „წმიდა

ავტოკეფალური ეკლესია სრულიად საქართველოისა“... შეუბღალავად დაიცავს მართლმადიდებლურ სარწმნუოებასა და ღვთისმოსაობას და ამასთანავე მართლმადიდებელი ეკლესიის საღმრთო და წმიდა კანონებსა და წესებს. რიგის მიხედვით მოიხსენიებს წმიდა დიპტიქში სახელს ყოველი მსოფლიო პატრიარქისა და სხვა უწმიდეს პატრიარქთა და წმიდა მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების უნეტარეს გამგებელთა, რაც შეეხება წმიდა მირონის საკითხს, დაცული იქნება ამასთან დაკავშირებით დადგენილი საეკლესიო წესი... წელსა 1990, თვესა იანვარსა (25)“.

მეორე სიგელი ქართული ეკლესიის საპატრიარქო ღირსების აღიარებას შეეხება: „საქართველოს უწმიდესი ეკლესიის მეთაურისთვის საპატრიარქო ტიტულის ცნობის და ბოძების საპატრიარქო სინოდური განჩინება“, დიმიტრიოსი, წყალობითა ღმრთისაითა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი... საქართველოს უწმიდესი ეკლესია პატივდებული იქნეს საპატრიარქო ღირსებითა და ადგილით, როგორც ადრიდანვე იხსენიებოდა უძველეს ქრონიკებსა და სხვა საეკლესიო წყაროებში მისი ტიტული - „მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოისა“, ასევე იხსენიებოდეს ამიერიდანაც მართლმადიდებლურ საღმრთო და წმიდა განგებებში...“

ისტორიკოსი და ანალიტიკოსი დავით გამცემლიძე საქართველოს ტომოსს აფასებს და ხაზს მის განსაკუთრებულობას უსვამს.

„ძალიან ხელსაყრელი პირობებია. შეგახსენებ, რომ უკრაინის ტომოსით უკრაინას აეკრძალა საზღვარგარეთ ეპარქიების შექმნას. ჩვენ კი გვაქვს ეპაქრიებია ვაშინგტონში, ინგლისში და ა.შ. კიევი კი ვერ შექმნის აკრძალული აქვს. გარდა ამისა, უკრაინის ტომოსი გამორიცხავს კათოლიკოსის წოდებას ახალი ეკლესიის მეთაურისთვის.“ - ამბობს გამცემლიძე.

უკრაინის ტომოსში არის პუნქტები, რომლებიც კრძალავენ ეკლესიის სტატუსის, მისი ხელმძღვანელის ტიტულისა და ეკლესიის წესდების დამოუკიდებლად შეცვლას. ამის გაკეთება მხოლოდ კონსტანტინოპოლთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. ერთმანეთისგან განსხვავდება ყველა ტომოსი.

საქართველოს ტომოსის ისტორია

როგორც უკვე აღვნიშნე საპატრიარქომ ავტოკეფალის დასაბრუნებლად ბრძოლა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო. პირველი შეხვედრა ჯერ კიდევ 1987 წელს შედგა, როცა საქართველოს ეკლესიას კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი დიმიტრიოს I ეწვია. ავტოკეფალიის საკითხი სინოდზე განიხილეს.

1988 წლის წლის თებერვალში ეკლესიას კონსტანტინოპოლის წარმომადგენლობითი დელეგაცია მიტროპოლიტ ქრიზოსტომოსის მეთაურობით ეწვია. შეხვედრას პატრიარქის გარდა ესწრებოდა სინოდის რამდენიმე წევრი და მეცნიერები ნოდარ ლომოური და ზაზა ალექსიძე. დელეგაცია მისი უწმინდესობის მისაღებ დარბაზში მიიღეს.

პირველად სწორედ იქ გაეცნენ სიგელის ტექსტს. ამ ტექსტის მიხედვით ქართული ეკლესია ჩაყენებული იყო არა უძველეს, არამედ ახალ ეკლესიათა რიგში, ეს კი მას გარკვეულ წილად დამოკიდებულს ხდიდა კონსტანტინოპოლზე. მაგალითად, მირონი უნდა მიეღო კონსტანტინოპოლის ეკლესიიდან და არ უნდა მოხარშულიყო საქართველოში. უთანხმოებაც სწორედ აქ გაჩნდა. მეცნიერმა ნოდარ ლომოურმა საქართველოს პატრიარქს ურჩია სიგელზე ხელი არ მოეწერა. დელეგაცია წავიდა და ტექსტის დახვეწის პირობაც დადო.

1990 წლის 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე, მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი კვლავაც ჩამობრძანდა, წირვის შემდეგ მან სიონის მრევლს ამცნო, რომ მსოფლიო საპატრიარქომ აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და მისი მეთაურის საპატრიარქო ტიტული.

ტექსტი საბოლოოდ დაიხვეწა და მას ხელი უკვე სტამბოლში მოეწერა, სადაც

შეხვედრისას საბოლოო ვარიანტი კვლავ შესწორდა და დაიხვეწა. ტომოსს ხელი სტამბულში მოეწერა, სადაც პატრიარქი ილია II  სინოდის წევრებთან ერთად ჩავიდა.

1990 წლის 4 მარტს, მართლმადიდებლობის დღესასწაულზე ქართულმა ეკლესიამ ორი სიგელი მიიღო:

ერთი ადასტურებდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას;

მეორე მისი მეთაურის პატრიარქის ტიტულს.

მესამე საკითხი - ქართული ეკლესიის ადგილი მართლმადიდებლურ დიპტიქში - ჯერ კიდევ გაურკვეველია.