სასწრაფო დახმარების მძღოლი, რომელსაც ჭავჭავაძის გამზირზე ავარია შეემთხვა, შსს-მ დააკავა

15:22 01-09-2019
366

სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლი, რომელსაც დღეს თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე ავარია შეემთხვა, შს სამინისტრომ დააკავა. 

როგორც პრაიმ თაიმს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, მძღოლს სს კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ედავებიან. მუხლი გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

გამოძიებამ ამ ეტაპზე უკვე დაადგინა, რომ მძღოლი შემთხვევის დროს ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ არ იმყოფებოდა. მომხდარის სხვა გარემოებების დასაზუსტებლად სხვადასხვა სახის ექსპერტიზები ტარდება. შს სამინისტროში ვერსიებზე ჯერ არ საუბრობენ, თუმცა როგორც ავარიის თვითმხილველები ადგილზე აცხადებდნენ მძღოლს სავარაუდოდ ჩაეძინა.

ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო დახმარების ავომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტთან მუშებს შეეჯახა. გარდაიცვალა 1 და დაშავდა 12 ადამიანი. დაშავებულებს შორის სასწრაფოს ექიმებიც არიან. დაზიანებები მიღებული აქვს მძღოლსაც. ის ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მეთვალყურეობით საავადმყოფოში გადაყავთ. მძღოლისთვის ამ დროისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. 

 

ავტორი: ბექა პატურაშვილი