''სასიხარულოა დაწყებით კლასებში ,,დედა ენის” დაბრუნება, მაგრამ გასაკეთებელი კვლავ ბევრია'' - ილია მეორე

00:01 01-07-2019
73


ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მასწავლებელთა ხელფასს გაზრდის და იზრუნებს მათი ავტორიტეტის ამაღლებისთვის, რაც სასიხარულოა, - ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.

როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, ასევე სასიხარულოა დაწყებით კლასებში ,,დედა ენის” დაბრუნება, მაგრამ გასაკეთებელი კვლავ ბევრია.

„ჩვენ მხოლოდ აუცილებელ თემებზე შევჩერდებით და ვიმედოვნებთ, ახალი ხელმძღვანელობა გაითვალისწინებს მას. პირველ რიგში, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს ეროვნული სულისკვეთებით მოსწავლეთა აღზრდას; სასწავლო პროგრამებიდან, სამწუხაროდ, თითქმის ამოღებულია ჩვენი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებები, ყურადღება არ მახვილდება ჩვენი ერის გმირულ წარსულზე, არ აღინიშნება გამოჩენილ პიროვნებათა და მოვლენათა ღირსსახსოვარი თარიღები; ხშირად არ ეწყობა ექსკურსიები ჩვენი ქვეყნის სხვა და სხვა კუთხის გასაცნობად... უნდა გატარდეს სხვა ღონისძიებებიც, რომ ყმაწვილებში სამშობლოს სიყვარული გაღვივდეს და ისინი ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ“, - ნათქვამია ეპისტოლეში. ამასთან, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი მშობლების საზღვარგარეთ მიგრაციის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, „ლუკმა-პურის შოვნისთვის სახლიდან გასულ მშობლებს ძალიან ცოტა დრო რჩებათ შვილებისათვის, ამიტომაც სახელმწიფომ და, აქედან გამომდინარე, სკოლამ უნდა იტვირთოს როგორც სწავლების, ისე აღზრდის ფუნქცია“. ასევე, საშობაო ეპისტოლეში საუბარია, თუ რაზე უნდა გამახვილდეს სკოლებში ყურადღება. „სკოლაში საათები უნდა დაეთმოს პირად ჰიგიენას, ხელსაქმეს, სახელობო მიმართულებებს, ბუნებასთან ურთიერთობას, სოფლის მეურნეობის შესახებ ზოგადი წარმოდგენის შექმნას, უნდა ფუნქციონირებდეს მუსიკალური, სამხატვრო, ლიტერატურული წრეები. უმნიშვნელოვანესია სპორტული დარბაზებითა და მოედნებით სასწავლებლების უზრუნველყოფა და სპორტულ წრეებში ბავშვების გაერთიანება, რომ მათ ენერგია აქ დახარჯონ და ჯანმრთელ და ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. სკოლამ უნდა ჩაუნერგოს მოსწავლეებს შრომის სიყვარული, უნარი პატიებისა და სხვისი სიხარულით გახარებისა, სიმართლის დაცვისა და მეგობრის ერთგულებისა, დაჩაგრულის თანადგომისა და, საერთოდ, სიკეთის ქმნისა.ამის განხორციელების შემთხვევაში შეგვეძლება ვთქვათ, რომ მოზარდებს მივეცით საშუალება ჯანსაღ თაობად აღზრდისა; შევთავაზეთ სიკეთე და სიცოცხლე, დანარჩენი კი მათ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. დღეს ხშირ შემთხვევაში დედ-მამა შვილს ვერ აქცევს სათანადო ყურადღებას; სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მშობელი ნაკლებად მონაწილეობს სკოლის ცხოვრებაში, რაც დაუშვებელია; სავალდებულო უნდა გახდეს პედაგოგებთან ხშირი შეხვედრა. მათ უნდა იგრძნონ თავისი პასუხისმგებლობა და მასწავლებლებთან ერთად ყველაფერი გააკეთონ შვილთან მიმართებაში სწორი მიდგომების განსაზღვრისათვის“, - ნათქვამია საშობაო ეპისტოლეში.