აფეთქებული პიროტექნიკა და პანიკა ბაგა-ბაღში - სამი თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა

18:31 01-04-2019
575

თბილისის 71-ე ბაგა-ბაღის დირექტორმა მისი მოადგილე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც "პრაიმტაიმს" თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, თანამდებობები თავისი სურვილით დატოვეს იმ ჯგუფის აღმზრდელმა და თანაშემწემაც, ვისი ზეიმის დროსაც ეს შემთხვევა მოხდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის 71-ე ბაგა-ბაღში, 26 დეკემბერს საახალწლო ღონისძიების დროს, პიროტექნიკა აფეთქდა. ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა კი სოციალურ ქსელით გავრცელდა.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ბაღის დირექტორმა საქმის კურსში იმ დღესვე ჩააყენა, რის შედეგადაც მოკვლევა დაიწყო. მსუბუქად დაშავდა ერთი აღსაზრდელი, რომელიც თავს კარგად გრძნობს. როგორც ბაღის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პიროტექნიკა ზეიმზე ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელმა შეიტანა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.