„ბუნებრივი აირის ტარიფის შემცირება კარგია, ახლა საჭიროა სოციალური ტარიფის კუთხით რეფორმა გატარდეს“ - დავით მირცხულავა

17:47 12-26-2018
211

სემეკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბუნებრივი აირის მიწოდების ტარიფი 0.014 თეთრით იკლებს, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, დავით მირცხულავა, დადებითად აფასებს.

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მოლოდინი მქონდა ტარიფი გაიზრდებოდა, იმიტომ რომ იმ არეალში სადაც სოკარი ოპერირებს იყო გაწეული ძალიან დიდი ოდენობის ინვესტიცია. ბუნებრივია გაწეული ინვესტიცია უნდა ასახულიყო ტარიფში. თუმცა ვფიქრობ, რომ გამოინახა ოპტიმალური გზა. შესაბამისად ეს გადაწყვეტილება მომავალში უარყოფითად არ აისახება მომხმარებლის ჯიბეზე და შესაძლო გაძვირებას აღარ უნდა ველოდოთ. ალბათ მომავალში აუცილებელი იქნება რეფორმის ჩატარება, რომლის მიხედვითაც ე.წ. სოციალური ტარიფის პრინციპი უნდა შეიცვალოს. სოციალურად დაუცველებმა უნდა მიიღონ გარკვეული დახმარება და მომავალში მათი სატარიფო შეღავათი სხვა მომხმარებლებზე აღარ უნდა გადანაწილდეს“ - განაცხადა "პრაიმტაიმთან" საუბრის დროს დავით მირცხულავამ.