სემეკ-ის გადაწყვეტილება მოსახლეობის სოციალური დაცვისკენ გადადგმული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია - ექსპერტი

17:06 12-26-2018
155

ექსპერტი გია არავიძე სემე-ის მიერ დღევანდელ გადაწყვეტილებას, ბუნებრივი აირის საფასურთან დაკავშირებით, პოზიტიურად აფასებს.

მისი თქმით, მართალია ტარიფის კლება საგრძნობლად დიდი არ არის და მოსახლეობა დიდი შეღავათს ვერ იგრძნობს, თუმცა კარგია ის, რომ ტენდენცია მიდის კლებისკენ.

"გადაწყვეტილება ნამდვილად პოზიტიურია, მართალია ტარიფის კლება საგრძნობლად დიდი არ არის და მოსახლეობა დიდი შეღავათს ვერ იგრძნობს, თუმცა ყოველ შემთხვევაში მოხერხდა ის, რომ ტენდენცია არის კლებისკენ და მოსახლეობას მომავალი წლიდან  არ მოუწევს უკვე არსებული ან გაზრდილი ტარიფის გადახდა.  სერიოზულად იმუშავა მთავრობამ და ის რაც მოხდა დღეს სემეკ-ში მოსახლეობის სოციალური დაცვის მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. თუმცა ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ქვეყანაში ბუნებრივი აირის ტარიფი კი არ არის დიდი არამედ ხელფასი და პენსიაა დაბალი", -აცხადებს გია არაბიძე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისში ბუნებრივი გაზის ტარიფი მცირდება. ცვლილება 0.014 თეთრს შეადგენს. ცნობისთვის, ამჟამად ბუნებრივ აირზე თბილისში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფი 46.153 თეთრია. აქედან გამომდინარე, ახალი გადაწყვეტილებით, დედაქალაქში სამომხმარებლო ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 46.139 თეთრი იქნება.

დღეს დადგენილი ახალი ტარიფი 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში და შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ აბონენტებს შეეხება.