საახალწლოდ გამოყოფილი 1 778 200 ლარიდან, ძირითადი ნაწილი მომღერლების ჰონორარებზე დაიხარჯება - კახა კალაძე

12:57 12-26-2018
538

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საახალწლოდ გამოყოფილი 1 778 200 ლარიდან, ძირითადი ნაწილი მომღერლების ჰონორარებზე დაიხარჯება.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით გამარტივებული შესყიდვა იყო მოთხოვნილი და გუშინ, სხვათა შორის, ამაზე შეკითხვაც დაისვა საკრებულოს სხდომაზე. უბრალოდ, ვინც შეკითხვა დასვა, აღარ დაესწრო სხდომას და ვერ შევძელი პასუხი გამეცა, თუმცა ახლა ავხსნი, რომ 1 778 200 ლარი არის მოთხოვნილი გამარტივებული შესყიდვებისთვის და ეს თანხა ძირითადად ორიენტირებულია კრეატიულ გადაწყვეტილებებზე, ამ ტიპის მომსახურების შესყიდვა, რა თქმა უნდა, ტენდერით ვერ მოხდებოდა და ამ თანხის ძირითადი ნაწილი არის მომღერლების ჰონორარები.

თუ ვინმე მეტყვის ტენდერით როგორ შევარჩიო მომღერალი, არ ვიცი ხმით შევარჩიო, ხმის ტემბრით შევარჩიო თუ არის ამის საშუალება და ვინმე მომაწვდის ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ჩემთვის უკეთესი იქნება, რომ ტენდერის გზით წავიდეთ და რაიმე კითხვები არ გაჩნდეს გამარტივებულ შესყიდვასთან დაკავშირებით. თუმცა, ესეც ყოველგვარი კანონიერების ფარგლებში მიმდინარეობს და ზოგადად მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული თანხით 1200-მდე მუსიკოს-შემსრულებელი, 270 მომსახურე პერსონალი სხვადასხვა სახის საახალწლო ატრიბუტიკა და ბუტაფორია და 50-მდე კონცერტი, აქტივობა და გალა კონცერტის მომზადება ფინანსდება",- განაცხადა კალაძემ.