28 დეკემბერს, 20:00 საათზე თბილისში შემოვა თოვლის ბაბუა - კახა კალაძე

11:44 12-26-2018
581

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებები რესპუბლიკის მოედანზე 13 იანვრამდე იქნება.

ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

"ახლა კი მინდა ორიოდე სიტყვით გითხრათ ახალ წელს დაგეგმილ აქტივობებზე.28 დეკემბრიდან 13 იანვრამდე გასტანს ყოველდღიური საახალწლო ღონისძიებები რესპუბლიკის მოედანზე, ეს იქნება კონცერტები, დადგმები, საახალწლო სოფელი, საშობაო ბაზრობა, გასტრონომიული მარკეტი და ა.შ.

28 დეკემბერს, 20:00 საათზე თბილისში შემოვა თოვლის ბაბუა, ამის შემდეგ რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება გუფი ლენდის კონცერტი და შოუს გააგრძელებს DJ.

29 დეკემბერს გაიმართება თბილისის „ბიგ ბენდის“ კონცერტი;

30 დეკემბერს გიორგი მანაგაძის ბენდი და ჯგუფი „ლაუდ სფიქერს“ გამართავს კონცერტს, კვლავ რესპუბლიკის მოედანზე.

31 დეკემბერს, 23:00 საათიდან დაიწყება გალაკონცერტი, ხოლო 1 იანვრიდან 13 იანვრამდე რესპუბლიკის მოედანი ყოველდღიურ რეჟიმში იქნება დატვირთული სხვადასხვა შემსრულებლების და ჯგუფების კონცერტებით. 13 იანვარს, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მოვუსმინოთ ნინო ქათამაძეს.

რა თქმა უნდა ეს არაა სრული პროგრამა, დეტალური ინფორმაცია გავრცელდება და საზოგადოება შეძლებს მთელი ორი კვირის განმავლობაში უწყვეტად, ყოველდღიურ რეჟიმში შეინარჩუნოს საახალწლო განწყობა", - განაცხადა კახა კალაძემ.