მქონდა საუბარი შს მინისტრთან და საპატრულო პოლიცია კიდევ უფრო გაამკაცრებს კონტროლს - კახა კალაძე

11:29 12-26-2018
637

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, ქალაქის ინფრასტრუქტურაში გაჩნდა ავტობუსის ზოლები.

"პირველად მაშინ, როდესაც განხორციელდა პეკინის გამზირის რეაბილიტაცია, ხოლო ჩემი მერობის პერიოდში სულ ერთი თვის წინ კოსტავა-შარტავას რეაბილიტაცია და მოეწყო ავტობუსის ზოლები. ეს არის ევროპული ტენდენცია და ჩვენი ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს დედაქალაქში მეტ საზოგადოებრივ და ნაკლებ კერძო ტრანსპორტს, ითვალისწინებს საცობებისგან ქალაქის განტვირთვას და ჰაერის ნაკლებად დაბინძურებას. ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში ჩვენ შევეცდებით, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ისარგებლოს კიდევ უფრო მეტი უპირატესობით და შევზღუდოთ კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოხმარება. სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი ქალაქში დაბინძურების მაჩვენებლის შემცირება", - განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც ავტობუსის ზოლზე მოძრაობენ ავტომანქანები.

"ეს არის დაუშვებელი, ეს არის კანონდარღვევა და უკან გადადგმული ნაბიჯი. მინდა, ვუთხრა საზოგადოებას, თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ის კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ქალაქში სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებას, განვითარებას, ქალაქის საცობებისგან განტვირთვას და ჰაერის დაბინძურების შემცირებას, აუცილებლად შესრულდება.

მე უკვე მქონდა საუბარი შინაგან საქმეთა მინისტრთან და საპატრულო პოლიცია კიდევ უფრო გაამკაცრებს კონტროლს ასეთი ტიპის დარღვევებზე. მხედველობაში მაქვს კერძო სატრანსპორტო საშუალების მიერ ხაზის გადაკვეთა და ავტობუსის ზოლში მოძრაობა.

მინდა თხოვნით მივმართო ვიცე-პრემიერს, გაითვალისწინოს თანხები მომდევნო წლისთვის, რომ ყველა წერტილზე მოეწყოს სათვალთვალო კამერა და შესაძლებელი გახდეს თითოეული იმ ავტომანქანის იდენტიფიცირება, რომელიც ავტობუსის ზოლში იმოძრავებს და შესაბამისად დაჯარიმდეს ყველა კანონდამრღვევი. თუ დაბალია ჯარიმა, ჩვენ განვახორციელებთ ცვლილებებს კანონმდებლობაში და ის იქნება საგრძნობი ყველა კანონდამრღვევი მძღოლის ჯიბისთვის, რათა ამ გზით დავიცვათ წესრიგი.

ასევე, მინდა ყურადღება გავამახვილო ველობილიკებთან დაკავშირებით. არავის ახირება არ ყოფილა ველობილიკების მოწყობა. ეს არის თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის სტანდარტი, სადაც სახელმწიფო, კერძოდ მუნიციპალიტეტი ახალისებს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარებას. ამის პირველი ნაბიჯი გადადგა მუნიციპალიტეტმა და რამდენიმე ქუჩაზე მოწყობილია ველობილიკები. ჩვენ სხვა ქუჩების რეაბილიტაციის კვალდაკვალ, კიდევ მოვაწყობთ ველობილიკებს და უფრო გაიზრდება მათი რაოდენობა. ისევ და ისევ პრობლემას ვაწყდებით იმ კუთხით, რომ ველობილიკებზე გაჩერებულია კერძო სატრანსპორტო საშუალებები.

მინდა საზოგადოებას მივმართო და ვთხოვო, ჩვენ თვითონ ნუ გადავდგამთ ნაბიჯს უკან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სატრანსპორტო სისტემა განვავითაროთ და მივაღწიოთ იმ შედეგებს, რომელიც დასახულია ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით. აქედან გამომდინარე, საჭიროა დავაყენოთ სათვალთვალო კამერები ასევე ველობილიკებთან, რომ ნებისმიერმა სატრანსპორტო საშუალებამ, რომელიც დაპარკინგდება ამ ადგილზე, მიიღოს სოლიდური ჯარიმა.

მსგავსი პრობლემა გვაქვს ტაქსის სადგომებთან დაკავშირებითაც. პირველად გამოიყო თბილისში ტაქსისთვის სპეციალური ადგილები. დაახლოებით 300-მდე ადგილია გამოყოფილი მხოლოდ რეგისტრირებული ტაქსებისთვის. თუმცა, ხშირია შემთხვევები, როდესაც ამ ადგილებზე გაჩერებულია სხვა კერძო სატრანსპორტო საშუალებები. ეს არის ჩვეულებრივი სამართალდარღვევა და ამას მოჰყვება ჯარიმა. ეს ჯარიმა კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც ჩვენ ცვლილებებს განვახორციელებთ კანონმდებლობაში. ეს არის ის სარგებელი, რომელმაც გაითვალისწინა მუნიციპალიტეტმა რეგისტრირებული ტაქსებისთვის და არა ყველა მოქალაქისთვის. ამაზეც მქონდა საუბარი შინაგან საქმეთა მინისტრთან და საპატრულო პოლიციის მიერ აქაც გამკაცრდება კონტროლი.

მინდა დავავალო სატრანსპორტო კომპანიასაც, რომელიც პასუხისმგებელია პარკირების წესების დაცვის კონტროლზე, გამოწეროს ჯარიმა და მოხდეს იმ ავტომანქანების ევაკუაცია, რომლებიც ტაქსის სპეციალურ სადგომებზე იქნებიან გაჩერებული", - განაცხადა კახა კალაძემ.