რა სიმპტომები ახასიათებს ვირუსს, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და არსებობს თუ არა ეპიდემიის საფრთხე

12:39 12-25-2018
11846
თეგები: ვირუსი

კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის თქმით, ამჟამად გრიპის ვირუსის მიმართვიანობით სამკურნალო დაწესებულებას, 100 000 მოქალაქიდან 221-მა მიმართა.

მისი თქმით, მიმართვიდან ირკვევა, რომ ამ ადამიანების უმეტესობას H1N1 ვირუსი აქვს. მართალია ჯერ ეპიდემია არ მძვინვარებს, თუმცა, მოსახლეობა ფრთხილად უნდა იყოს და რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

„აცივდა, შესაბამისად, მოიმატა გრიპისმაგვარმა დაავადებებმა. დღეს ვისაც გრიპი აქვს, ეს არის H1N1 ვირუსი აბსოლუტურ უმრავლესობაში, ცოტა, მაგრამ არის H3N2 გრიპის ვირუსი, თუმცა არ გამქრალა სხვა ვირუსებიც, ისინიც ცირკულირებენ.

ამჟამად გვაქვს 221 მიმართვიანობა 100 000 მოქალაქეზე. ეპიდემიური ზღვარი საქართველოს შემთვევაში არის 450-500 შემთხვევა. ეპიდემიამდე არ ვართ მაგრამ, ეს არავის შეღავათს არ აძლევს, ვინც უკვე ავად არის.

ვირუსს ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს კლინიკურად. იგივე რაოდენობის მიმართვიანობა გვაქვს, რაც გვქონდა 2 წლის წინ. დაახლოებით 2-ჯერ მეტია ვიდრე იყო შარშან. გარდაცვალების ერთი შემთხვევა უკვე აღრიცხულია, მაგრამ ამავე დროს ათასობით ადამიანმა უკვე გადაიტანა ეს ვირუსი დიდი პრობლემების გარეშე“,- განაცხადა იმნაძემ და მოქალაქეებს ვირუსისგან თავდასაცავად რჩევები მისცა.

„ვირუსი იწყება ტემპერატურის უეცარი მატებით, მათ შორის შეიძლება იყოს 38,5, 39,5-ზე მეტი და 40 გრადუსიც, თავის და ყელის ძლიერი ტკივილით, კუნთების, სახსრების ტკივილით და ხველებით. ვირუსი ჩვეულებრივ გრძელდება 7 დღის განმავლობაში, მეტ-ნაკლები ინტენსივობით.

ავადმყოფი ადამიანი პირველ რიგში უნდა იყოს სახლში, არ უნდა წავიდეს სკოლაში, სამსახურში, ბაღში. უმჯობესია წოლითი რეჟიმი, რომ ორგანიზმს მივცეთ საშუალება ებრძოლოს ვირუსს, ნუ გადავტვირთავთ ორგანიზმს, ბევრი სითხე უნდა მივიღოთ და 38,5 -ს თუ გადასცდა ტემპერატურა აუცილებლად რომელიმე სიცხის დამწევი გამოვიყენოთ, ძირითადად პარაცეტამოლის ჯგუფის, მაგრამ არის გარკვეული წესი, რომ ბავშვს თუ აქვს სიცხე 38,5-ზე მეტი ერთი დღის განმავლობაში, აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა, თუ დიდს აქვს მაღალი ტემპერატურა 3 დღის განმავლობაში, მანაც უნდა მიმართოს ექიმს",- განმარტა იმნაძემ.

ვირუსით უახლოეს დღეებში აჭარასა და ქუთაისში ორი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია დღეს ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა.