როდის დაუმეგობრდა ცხოველებს რუსკა ქარქაშაძე და ვინ არის მისი მთავარი კრიტიკოსი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ - exclusive

13:14 12-17-2018
6329

მუსიკალური პროდიუსერი გიგა კუხიანიძე კინოპროდიუსინგში გადაბარგდა. მისი პირველი ფილმი საბავშვო იქნება. „ფრთხილად სურვილებთან“, –  ასე ჰქვია სრულმეტრაჟიან ფილმს, რომლის გადაღებებიც პროდაქშენმა „გიგასტუდიო“ 18 დღეში დაასრულა. ზურა ყიფშიძე, ანი ბებია, იოსებ ხვედელიძე და სხვა ცნობილი ქართველი მსახიობები გამოჩნდებიან ფილმში, რომლის პრემიერასაც ჯგუფი იანვარში გეგმავს.

ფილმის იდეასა და გადაღების დეტალებზე გიგა „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურად საუბრობს. ჩვენ მსახიობი რუსკა ქარქაშაძეც ჩავწერეთ, რომელიც ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირის როლს ასრულებს და რომელიც ამჟამად „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი გამორჩეული კონკურსანტია.

თავის დროზე რუსკამ მაყურებელს თავი გააცნო სერიალიდან „ხელოვნური სუნთქვა“, შემდეგ იყო რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, მათ შორის „შეუძლებელი არაფერია“. რუსკა იყო რამდენიმე სატელევიზიო პროექტის წამყვანიც.

გიგა კუხიანიძე:

ყოველთვის მაინტერესებდა ფილმის გადაღების მომენტი. მასშტაბური პროექტისთვის მინდოდა მომეკიდა ხელი. ვინაიდან საბავშვო სტუდია გვაქვს, ფორმატიც საბავშვო ავირჩიეთ. ეს არის ქართული მხატვრული სრულმეტრაჟიანი საოჯახო ფილმი – „ფრთხილად სურვილებთან“. იდეა გაჩნდა, შევკრიბე ჯგუფი და წავედით. ფილმის რეჟისორი ხათუნა გიორგოიანი, სცენარი ივა ბეჟუაშვილს ეკუთვნის.

– რა არის ფილმის მთავარი სათქმელი?

– ამას ვერ გეტყვით, ეს არის სწორედ ის, რისთვისაც უნდა ნახოს ფილმი მაყურებელმა. პრობლემა 14-15 წლის ბავშვებთან არის დაკავშირებული. საკმაოდ ღრმა ფილმია.

ოლო პერიოდში ბავშვებში ბულინგის თემა აქტუალური. ხომ არ ეხებით ამ თემაც?

– კი, ამას ვერ დაგიმალავთ, ეს ჩემი იდეა იყო და ჩავდეთ ფილმში, თუმცა, ეს არ არის სურათის მთავარი თემა. ფილმის მთავარი იდეაც და მთლიანი სცენარიც ახალი, არ არის გადმოღებული აქამდე არსებული არცერთი უცხოური ფილმიდან. სწორედ ის იყო ჩვენი მიზანიც, რომ ახალი სიტყვა გვეთქვა მაყურებლისთვის.

– სად იყო გადაღებები?

– რამდენიმე ლოკაცია გვქონდა: კოჯრის ტყეები, გარიყულა, შიდა ინტერიერები, გლდანი მოლი, გარდენია, ქუჩები და ა. შ.

– რაც შეეხება მსახიობებს...

– ფანტასტიური მსახიობები გვყავს: ზურა ყიფშიძე, დარეჯან ხარშილავა, სოსო ხვედელიძე, აპოლონ კუბლაშვილი, ანი ბებია... რუსკა ქარქაშაძე, რომელიც მაყურებელს ახსოვს სერიალიდან „ხელოვნური სუნთქვა“ არის ერთ-ერთი მთავარი გმირი. ზოგადად ფილმში 4 მთავარი გმირია, ბავშვები: რუსკა ქარქაშაძე, დათა პავლიაშვილი, ელენე არაჩაშვილი და დავით ხინიკაძე.

– როდის ვნახავთ ფილმს?

– გადაღებები დავასრულეთ, ახლა ვისვენებთ და, სავარაუდოდ, იანვრისთვის შედგება პრემიერა. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი გადამღებ ჯგუფს, პროდიუსერს ეკა ხორგუაშვილს და მთავარ ოპერატორს, რომელმაც დიდი შრომა გასწია... არანორმალურად დიდი წვალება ყოფილა, მაგრამ, ასევე, არანორმალურად დიდი სიამოვნება მივიღე, ეს იყო ჩემი ამოჩემება და ახლა უკვე ვიცი, რა არის ჩემი მთავარი საქმიანობა.

– ზურა ყიფშიძე ვის თამაშობს?

– ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის მამაა.

– რა მუსიკა გაჟღერდება ფილმში?

– ამაზე ცალკე სამუშაო მაქვს, სპეციალურად ფილმისთვის მომიწევს მუსიკის შექმნა. ჩემი ოცნება იყო ფილმისთვის მუსიკა შემექმნა. 

– ისღა დამრჩენია ფილმს დაველოდოთ. წარმატებები თქვენ.

– დიდი მადლობა.

 

რუსკა ქარქაშაძე:

– ჩემი გმირი ძალიან ცნობისმოყვარე, უშიშარი, თამამი გოგოა. ამ მხრივ, მგავს კიდეც.

– რა არის მთავარი თემა ამ ფილმის?

– ერთ-ერთი ხაზი არის ბულინგიც, კომედიასაც ვხვდებით, ფანტასტიკასაც. ძალიან საინტერესო ფილმია ყველა ასაკის მაყურებლისთვის.

– ვისთან აქვს ურთიერთობა შენს გმირს?

– ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, მეთამაშა ფილმში, სადაც ბევრი თავგადასავალი მექნებოდა, მოგზაურობა მომიწევდა, ლაშქრობა. გიგამ მომცა საშუალება, რომ სწორედ ასეთი გმირი განმესახიერებინა, რისკზე წავსულიყავი და არაფრის შემშინებოდა.

– რა ჰქვია შენს გმირს?

– ირი, რომელსაც ურთიერთობა აქვს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ისეთ ადამიანებთანაც, რომლებსაც დიდად არ ეხატებათ გულზე. თავისი ჭკუითა და საღი აზროვნებით რაღაცებს შეცვლის სამყაროში ეს პატარა გოგო.

– ვიცი, რომ ზურა ყიფშიძეც თამაშობს ამ ფილმში, შენი გმირის ვინ არის?

– შეიძლება ვთქვათ, რომ დიდი მეგობარი.

– გადაღებებზეც მიამბე...

– არაერთი ლოკაცია გვქონდა. ვიყავით ტყეშიც, ვათენებდით და ვაღამებდით. ერთი თვის განმავლობაში ძალიან დატვირთული რეჟიმით ვცხოვრობდით. ცხოველებსაც კი დავუმეგობრდით (იცინის).

– გიგა მკაცრია მუშაობის პროცესში?

– უსაყვარლესია გიგა. მომთხოვნიც არის, საუკეთესო ადამიანია, ვგიჟდები მასზე.

– „ცეკვავენ ვარსკვლავებზეც“ გკითხავ, საკმაოდ დიდ კონკურენციაში დარჩი, როგორ აფასებ შენს შანსებს?

– შანსები მაქვს, რადგან მართლა ძალიან ბევრს ვშრომობ, ვვარჯიშობ. თუ ჩემი მხარდამჭერები ყოველდღე იაქტიურებენ ზარების კუთხით, შანსები მართლაც მაქვს. რაც შეეხება დანარჩენ კონკურსანტებს, ძალიან ბევრს შრომობენ ჩემსავით, უკვე ერთნაირად ძლიერები დავრჩით პროექტში, მთავარი გადაწყვეტილება ახლა მაყურებელმა უნდა მიიღოს.

– რუსკა, აქამდე ცეკვასთან შეხება გქონია?

– ამ ცეკვებთან არანაირი და საკმაოდ რთული აღმოჩნდა. პირველი ლაივიდან დღემდე ძალიან გავიზარდე და კიდევ ვიზრდები. პირველი კვირები არ იყო ისეთი შთამბეჭდავი ჩემთვის, როგორც ახლაა. ვიზრდები ტურიდან ტურამდე და ეს ძალიან მიხარია.

– ვინ არის შენი მთავარი კრიტიკოსი, ვისი აზრიც ყველაზე მეტად გაინტერესებს?

– ჩემი ოჯახის აზრი ყველაზე მეტად მაინტერესებს. ხედავენ, რამდენს ვშრომობ, ფაქტობრივად, დარბაზში ვცხოვრობ და სტიმულსაც მაძლევენ.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი