„საჯაროდ ვერ ვიტყვი ვისი ბრალი იყო... მეწყინა მაგრამ დავივიწყე“ - გიორგი ნარმანია აფხაზეთზე, მეუღლეზე და „მხოლოდ ქართულზე“ - exclusive

12:59 12-17-2018
6228

3 წლის იყო, ოჯახთან ერთად ოჩამჩირე რომ დატოვა. მას მერე ერთხელ მოახერხა თავის მიწა-წყალზე ჩასვლა, დედასთან და პატარა ძმასთან ერთად. მაშინ 20 წლის იყო. მუსიკალური მონაცემები ბებიისგან აქვს, დედაც მღერის. ახლა მისი მთავარი პრობლემა დედას მხედველობაა, რომელიც სტრესის შედეგად დაკარგა.

საზოგადოებამ ის ერთი ლამაზი ვიდეოდან გაიცნო, სადაც გიორგიმ თავის რჩეულს ხელი სთხოვა. დღეს გიორგი ნარმანია და თეა შეროზია უკვე ცოლ-ქმარი არიან. გიორგი „მხოლოდ ქართულის“ საუკეთესო ათეულშია. ჩვენ შევეცდებით, უკეთ გაგაცნოთ ინტერნეტვარსკვლავი და „მხოლოდ ქართულის“ უკვე პოპულარული წევრი.

– გიორგი, აფხაზეთიდან დავიწყოთ...

– 7 წლის წინათ ჩავედი ოჩამჩირეში, დაბადების ადგილი ვნახე. მტკივნეული იყო ჩემთვისაც და დედასთვისაც. ამაზე მტკივნეული არაფერია, როცა შენს მიწა-წყალს ხელით ეხები და იქ უკვე სხვა ცხოვრობს, შენ კი იქ არ მიგესვლება.

– როგორ მოახერხეთ გადასვლა?

– მამიდაშვილმა გადაგვიყვანა. მაშინ 20 წლის ვიყავი. 4 დღე ვიყავით იქ.

– როგორც ვიცი, დედას მხედველობა უჭირს. მაშინ რა მდგომარეობა იყო, თუ ნახა ის სახლი, რომელშიც ცხოვრობდით?

– დედას მხედველობა გაუუარესდა აფხაზეთიდან გადმოსვლის მერე, სტრესიდან გამომდინარე, იმ სიდუხჭირიდან გამომდინარე, რაც იქიდან წამოსვლის შემდეგ განვიცადეთ. 7 წლის წინათ შედარებით უკეთ ხედავდა, ნახა თავისი სახლი, კარ-მიდამო. ახლა უკვე მხედველობის 5% აქვს დარჩენილი.

– როგორი განცდა გქონდა საკუთარი სახლის დანახვისას?

– სევდიანი, ნოსტალგიური, მეც კი განვიცადე, რომელიც 3 წლის ვიყავი, როცა იქიდან წამოვედით და ხომ წარმოგიდგენიათ დედას ტკივილი.

– თქვენს სახლში ვინმე ცხოვრობს?

– კი. შეგნებულად არ მივედით, სიტუაციისა და ტკივილის გამწვავებას მოვერიდეთ.

– რაც შეეხება სიმღერას, ეს ნიჭი გენეტიკურია?

– როგორც მითხრეს, ბებია ჩონგურზე უკრავდა და მღეროდა. დედაც მღერის, კარგი სმენა აქვს. ეტყობა, მათგან მაქვს ეს ნიჭი.

– მამაზე არაფერი ვიცით...

– მამა ფიზიკურად მუშაობს, ერთ-ერთ ოჯახს ეხმარება. ერთად ვცხოვრობთ ყველა.

– რაც შეეხება მუსიკალურ განათლებას?

– დამთავრებული მაქვს გიორგი მთაწმინდელის სახელობის სიმღერისა და გალობის უნივერსიტეტი. ლოტბარი ვარ სპეციალობით, გუნდის ხელმძღვანელი.

– თუ არ ვცდები, გალობთ კიდეც...

– გახლავართ ხალხური სიმღერების ანსამბლში, ქალაქური სიმღერების კვინტეტში და დაბა კოჯორში მამათა მონასტერში გალობას ვასწავლი.

– ვიდეოში, რომლითაც ინტერნეტვარსკვლავი გახდი, შენი მეგობრები არიან, გუნდის წევრები თუ...

– მეგობრები, გუნდის წევრები, ზოგი ხალხური ანსამბლიდან, ზოგიც ქალაქური სიმღერის ანსამბლიდან...

– მიამბობთ, როგორ დაგეგმეთ ეს დღე?

– ერთი წელი ვგეგმავდი ამ ყველაფერს. დაახლოებით 50 ადამიანი გამოვიდოდა, ყველა რომ წამეყვანა, ვისაც მონაწილეობა სურდა ამ სიურპრიზში. ავტობუსით ხომ ვერ წავიდოდით (იცინის). ამიტომ მცირე ჯგუფით წავედით წალენჯიხის რაიონში, დაბა ჯვარში.

– თეამ არაფერი იცოდა ამ სიურპრიზის შესახებ, ეჭვის დონეზე მაინც?

– არა. ჩვენ ხუთი წელი გვიყვარდა ერთმანეთი. ჩვენი ოჯახების წევრებმაც იცოდნენ ამ ურთიერთობის შესახებ, მაგრამ ეს ამბავი ნამდვილი სიურპრიზი იყო თეასთვის. მისი ოჯახის წევრები კი ჩავაყენე საქმის კურსში, მაგრამ კატეგორიულად გავაფრთხილე, რომ არაფერი ეთქვათ. ასე რომ...

– თეა რა პროფესიის არის?

– ხელოვნების მენეჯმენტი აქვს დამთავრებული თეატრალურში. ახლა ინგლისური ენისა და დაწყებითი კლასების პედაგოგია.

– გიორგი, მანამდე თუ მიგიღია მონაწილეობა მუსიკალურ პროექტებში?

– არა. სურვილი მქონდა, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოვაბი თავი. ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, თავად დამიკავშირდა „რუსთავი 2“ და მერე მეც მომინდა, მეცადა ბედი.

– გიორგი, ცოტა კრიტიკული იყო მაყურებელი წინა ლაივზე შენ მიმართ. რა მოხდა, რატომ ვერ შეძელი საკუთარი თავის კარგად წარმოჩენა?

– ჩემთვის სცენა სოლო კარიერის კუთხით მაინც უცხო ხილია ჯერჯერობით. ამიტომ ვნერვიულობდი პირველ ლაივზეც და მეორეზეც. მეორე კონცერტზე იყო შეფერხება ტონალობის საკითხში. საჯაროდ ვერ ვიტყვი, ვისი ბრალი იყო და ვისი არა, ეს ყველაფერი გამოსწორებადია. მესამე ლაივზე ყველა პრობლემა მოგვარდება და ყველა ხარვეზი გამოსწორდება.

– საუბარი იყო სიმღერის ახლებურ ვერსიაზეც. მისაღები იყო შენთვის ამ სიმღერის ახალი ვერსია?

– ვერსია ჩემთვის ცოტა მიუღებელი იყო, მაგრამ, როცა პროექტში ხარ, ყველანაირ ვერსიას უნდა მოერგო. მე ბოლომდე ვერ შევძელი. ეს ორი კონცერტი დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის. ვფიქრობ, მესამე ლაივზე მაქსიმალურად ისიამოვნებს მაყურებელი ჩემი ნამღერით.

– გულშემატკივარი ბევრი გყავს...

– დიდი მადლობა მათ. მთელი საქართველო მიმესიჯებს, ემიგრანტები, სამეგრელო. უცხოეთიდან ბევრი ზარი შემოდის. მადლობა ყველას, ვეცდები, მათი იმედები გავამართლო.

– ჟიურის რომელიმე წევრისგან რომელიმე შეფასება ხომ არ გეწყინა?

– ჯანსაღი კრიტიკა სასარგებლოა ყოველთვის... წყენა იყო, მაგრამ ახლა არ დავაკონკრეტებ, ვისგან. გადავლახე წყენა, ცხოვრება გრძელდება.

– რაც შეეხება კონკურსანტების ჩაცმულობას, კრიტიკა იყო მაყურებლის მხრიდან ამ მხრივაც. შენ თუ შეგიქმნა დისკომფორტი რომელიმე სამოსმა?

– თავიდანვე მითხრეს, რომ სამოსს ყურადღება არ მივაქციო და ასეც ვიქცევი. ჩემთვის მთავარია, მაყურებელს ჩემი მღერა მოეწონოს და არა ის, როგორ გამოვიყურები.

– დასასრულ, როგორ აფასებ შენს შანსებს?

– კონკურენტები თითქოს არ ვართ ერთმანეთისთვის, მაგრამ შინაგანად ყველას უნდა გამარჯვება. პროგნოზების გაკეთება ახლა ძნელია.

– ხომ არ გგონია, რომ შენი მთავარი კოზირი მაინც პოპულარობაა?

– რა თქმა უნდა, მე მანამდე შემიყვარა მაყურებელმა, სანამ ამ პროექტში გამოვჩნდებოდი. ესაა მთავარი კოზირი და კიდევ ერთხელ მადლობა მათ. მაგრამ არავინ იფიქროს, რომ ამ პრივილეგიას მივანდობ ჩემს ბედს. მაქსიმალურად ვიშრომებ, რომ საუკეთესო ნამღერი შევთავაზო მაყურებელს.



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი