შესრულებული და შეუსრულებელი მისიები

10:13 12-17-2018
246

შეიძლება ითქვას, რომ, ბიძინა ივანიშვილის წყალობით, გიორგი მარგველაშვილს ისტორიაში შესვლა ყველაზე „იაფი დაუჯდა“. საქართველოს პრეზიდენტობისთვის ზვიად გამსახურდიამაც ძალიან ბევრი იომა, ედუარდ შევარდნაძემ იბრძოლა და მიხეილ სააკაშვილმა იწვალა. მარგველაშვილს თავად არაფერი გაუკეთებია – ბიძინა ივანიშვილის პირადი ფსონი იყო და მისივე დიდი ძალისხმევით გაიმარჯვა.

შეიძლება ითქვას, რომ მარგველაშვილი იმის კლასიკური მაგალითია, როგორ შეიძლება გაგიმართლოს, როცა საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდები.

არცერთი სხვა პრეზიდენტი ფორტუნისგან ასეთი განებივრებული არ ყოფილა, როგორც ის.

ახლა მეოთხე პრეზიდენტის ტიტულს არა მხოლოდ „სივიში“ ჩაიწერს, არამედ ისტორიაშიც შევა. შევა იმიტომ რომ:

– კონსტიტუციის ახალ რედაქციას მოაწერა ხელი;

– პირველია, ვინც არც დაუმხვიათ, არც გადაუყენებიათ, არც დაუჭერიათ;

– პირველია, ვინც თავად თქვა უარი მეორე ვადით კენჭისყრაზე;

– პირველი იყო, ვინც ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო;

– პირველია, ვისაც არ ჰყავდა პოლიტიკური გუნდი ან დასაყრდენი;

– პირველია, ვისაც მმართველი ძალაც და ოპოზიციაც ერთნაირად აკრიტიკებდა.

 

შესაძლოა, მისი საპრეზიდენტო მისიაც სწორედ ეს იყო. შემოეტანა ქართულ პოლიტიკაში ევროპული დემოკრატიის ელემენტები. მარგველაშვილამდე, უნდა ვაღიაროთ, ასეთი ელემენტები არსად ჩანდა, თუმცა, ქვეყანას სამი გმირი პრეზიდენტი ჰყავდა.

ზვიად გამსახურდია ეროვნული მოძრაობის გმირი იყო. შემთხვევითი არ არის, რომ მას რელიგიურ ფიგურებს ადარებდნენ. ეძახდნენ მოსეს, მესიას, წმინდა გიორგის. ის თითქოს პოლიტიკოსი კი არა, რელიგიური ფიგურაც კი იყო, რომელსაც, უბრალოდ, მხარს კი არ უჭერდნენ, არამედ მისი სწამდათ. სწამდათ მისი განსაკუთრებულობის, იმის, რომ როგორც მოსემ გამოიყვანა ხალხი ეგვიპტიდან და აღქმული ქვეყნისკენ გაუძღვა, ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდათ გამსახურდიას მიმართაც, რომელსაც ქართველი ხალხი რუსეთის 200-წლიანი მონობიდან თავისუფლებისკენ მიჰყავდა. თავად გამსახურდიას ლექსიკაშიც ნაკლებად იკითხებოდა პოლიტიკური ფრაზები. ის ხშირად ამბობდა, რომ არის ქრისტეს გზა და ბარაბას გზა. ქრისტეს გზაში ის საკუთარ თავს მოიაზრებდა, ბარაბა კი, რა თქმა უნდა, ურჯულო ოპოზიცია იყო, რომელიც გამსახურდიას მტრობდა.

ამ რელიგიურ-მითოლოგიურ ბრძოლაში, შესაბამისად, მოსახლეობაც იყო ჩართული. გამსახურდიას პოლიტიკოსად კი არა, მესიად აღიქვამდნენ, ფიგურად, რომელსაც საქართველოს ხსნა შეეძლო.

რა გასაკვირია, რომ რელიგიური მოტივები ინაუგურაციაზეც აისახა. ზვიად გამსახურდია იყო პირველი პრეზიდენტი და ერთადერთი, ვინც ფიცი ბიბლიაზე დადო.

შესაბამისად, ზვიადისტებმა საქართველოს მეორე პრეზიდენტი მონათლეს „იუდად“. ადამიანად, რომელმაც ქრისტეს უღალატა და მის მოკვდინებაში მონაწილეობა მიიღო. ეს განცდა იმდენად ძლიერი იყო, რომ შევარდნაძის გარდაცვალებისთანავე ზვიადისტები მის სახლთან მივიდნენ და სკანდირებდნენ: „იუდა ჩაძაღლდი“, „ჯოჯოხეთში მოგეკითხება“...

როგორც მაშინ მედია წერდა, ზვიადისტებმა შეძახილებით შეაცილეს სახლში წესის ასაგებად მისული სასულიერო პირიც:

– რატომ უნდა აუგოთ წესი სატანას?

მისმა ქალიშვილმა, მანანა შევარდნაძემ ზვიადისტებს ჰკითხა კიდეც: „ადამიანი მიიცვალა და ქრისტიანები არა ხართო“.

„ქრისტიანები რომ ვართ, სწორედ ამიტომ მოვედით შიშველი ხელებითო“, – მიუგეს მათ.

იუდა შევარდნაძე მხოლოდ ზვიადისტებისთვის იყო, ედუარდ შევარდნაძე ცივი ომის გმირი გახლდათ, გამოცდილი დიპლომატი და პოლიტიკოსი, მან საქართველოში სახელმწიფოებრიობის პირველი ელემენტები შემოიტანა, იყო სიტყვის თავისუფლების გარანტორიც. თუმცა, ასეთი ბეგრაუნდის მიუხედავად, არც ის აღმოჩნდა მზად, ასპარეზი ახალგაზრდა რეფორმატორებისთვის დაეთმო.

მოსახლეობა და მომხრეები მას მეტსახელად „ბაბუს“ ეძახდნენ. მის ამ თბილ და პოზიტიურ მეტსახელს მოგვიანებით რეფორმატორებმა დარდუბალა დაუპირისპირეს და შეეცადნენ, შევარდნაძე დარდუბალასთან ყოფილიყო ასოცირებული.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ვარდების რევოლუციის გმირს, ის რეფორმებთან არის დაკავშირებული, თუმცა, დემოკრატიულობისთვის გამბედაობა არც მას ეყო, ვერ შეძლო მარცხის აღიარება და ინაუგურაციასაც არ დაესწრო.

თავიდან სააკაშვილს გიჟს ეძახდნენ. ზვიადისტები მას აღმერთებდნენ პირველ რიგში იმიტომ რომ იუდა ვერტიკალს მოაშორა და პირველი პრეზიდენტის „მტერზე“ შური იძია. გიჟი ის ოპოზიციისთვის იყო. თუმცა, მისი მომხრეები ამბობდნენ, ქვეყნის შენებას ახლა გიჟური ხასიათი სჭირდებაო. ასე იყო თუ ისე, სააკაშვილის პიარი ყოველთვის ნეგატიურის პოზიტიურში გადაყვანის მცდელობაზე იყო აგებული.

ასე იყო, მაგალითად, როცა 2007 წლის ოპოზიციამ თეთრი ფერის ხელსახოცების ფრიალი დაიწყო და მუდმივად ამბობდნენ, რა საშიშია მიშა, სააკაშვილმა წითელი ფერზე დააწერა, ნუ გეშინიათო და იქვე დასძინა, რომ თეთრი და წითელი ფერები ქართული სახელმწიფოს დროშის ფერებია და მის დაშლას ვერავინ შეძლებს.

მიხეილ სააკაშვილს „მიშა მაგარიას“ ეძახდნენ. ეს მას შემდეგ, რაც ამ სიტყვებმა მის საარჩევნო კლიპში გაიჟღერა. ფრაზა იმდენად გავრცელებული იყო, რომ, როგორც რეგიონის ჟურნალისტები წერდნენ, ფოთში ყოფნის დროს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტაძარი სიმღერა „მიშა მაგარიას“ ფონზე გახსნა.

რაც შეეხება მეოთხე პრეზიდენტს, მისთვის მეტსახელი არ მოუფიქრებიათ. ხშირად ახსენებდნენ მისავე ინტერვიუს, სადაც მან საკუთარი თავი პლასტელინს შეადარა.

სხვა საინტერესო ასოციაციები გიორგი მარგველაშვილის მიმართ არ ყოფილა.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, არ არის გამორიცხული, მისი ერთადერთი მისია ევროპული დემოკრატიის ელემენტების შემოტანა ყოფილიყო: ის ინაუგურაციას დაესწრო.

რაც შეეხება მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის მთავარი პრობლემა სწორედ ხუთიანია. სწორედ ამ ნომრით მოძრაობს „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ მარათონზე და ახლა მოძრაობის წესებთან სერიოზული პრობლემები აქვს – არც სალომეს ლეგიტიმურობას ცნობს და როგორც ჩანს, უკვე არც დემოკრატიას აღიარებს.

სალომე ზურაბიშვილის მთავარი მისია პოლიტიკაში საზოგადოებაში თანხმობის მიღწევა უნდა იყოს. ასეთი მოლოდინები მაქვს პირადად მე და ასე ვხედავ მის როლსა და ფუნქციას, როგორც სიმბოლური პრეზიდენტის. რა გამოუვა, ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში, უკვე ჩანს, რომ ეს სულაც არ იქნება იოლი, თუ საერთოდ შესაძლებელია. ბევრწილად ასეთი დამოკიდებულება საზოგადოებაში არ არის, მიხეილ სააკაშვილის პიროვნული განწყობები მისი პარტიის დამოკიდებულებებზეც აისახება. სულ ეს არის.

საინტერესოა, რა ნაბიჯებს გადადგამს სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებაში თანხმობის მისაღწევად.