სავსებით ლეგიტიმურად ვიფიქროთ, ხომ არ იგეგმებოდა ქვეყნაში დესტაბილიზაციის მოწყობა - ანრი ოხანაშვილი

19:00 12-06-2018
46

სავსებით ლეგიტიმურად ვიფიქროთ, ხომ არ იგეგმებოდა ქვეყნაში დესტაბილიზაციის მოწყობა. ყველა ამ საკითხს შესწავლა და რეაგირება სჭირდება,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„საუბარია უკრაინაში მებრძოლ პირებზე. ვიცით, რომ ოპოზიციის აქციები გაიმართა. საუბარია იარაღის უკანონო ფლობაზე. სერიოზული კითხვები ჩნდება, ხომ არ იგეგმებოდა ქვეყანაში რაიმე ფორმით რაიმე სახის დესტაბილიზაციის მცდელობა. ეს ყველაფერი განსაკუთრებული შესწავლის საგანია. დიდი ინტერესია როგორც დეპუტატების მხრიდან, ასევე საზოგადოებისგან, რომ სახელმწიფო ორგანოებმა გასცენ პასუხი, რასთან გვაქვს საქმე. ეს არის დამთხვევა, თუ იკვეთება რაღაც სახის კონსპირაცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება სავალალო შედეგი მოეტანა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ხალხი საქართველოში ტურისტული მიზნით არ ჩამოსულა. ასევე ეს ხალხი არიან ერთ-ერთი უკრაინული დაჯგუფების წევრები. გავიგეთ ისიც, რომ ამ ადამიანებს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩნდათ. ამ ფონზე საქართველოში ოპოზიციის მოთხოვნები და აქციები იმართება. გავიგეთ ისიც, რომ სააკაშვილი ერთ-ერთ პირს შეხვდა. მთელი რიგი კითხვები ჩნდება – ეს ყველაფერი ხომ არ გვაძლევს საფუძველს, სავსებით ლეგიტიმურად ვიფიქროთ, ხომ არ იგეგმებოდა ქვეყნაში დესტაბილიზაციის მოწყობა. ყველა ამ საკითხს შესწავლა და რეაგირება სჭირდება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

შს სამინისტრომ უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქე თბილისში 2 დეკემბერს დააკავა. მათ იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდება აქვთ წარდგენილი. 

დაკავებულებს შორის არიან უკრაინის მოქალაქეები: იგორ ორლენკო, იური კორესტელოვი, როლანდ მელია და საქართველოს მოქალაქე ლუკა ჩხეტია, რომლებიც უკრაინაში მოხალისეთა ბატალიონ „დონბასის“ წევრები იყვნენ.

ლუკა ჩხეტიას მამის თქმით, ჩხეტია თავის უკრაინელ მეგობრებთან ერთად ჩამოვიდა თბილისში. მას აქციაზე მისვლა სურდა, მაგრამ იარაღი არ ჰქონდა და სამართალდამცველებმა დაუდეს.

შსს-ს ინფორმაციით, უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში 27 ნოემბერს ჩამოვიდნენ. ამას ადასტურებს სასტუმროც, სადაც ისინი იმყოფებოდნენ.

გაერთიანებულ ოპოზიციასათან უკრაინელების კავშირს უარყოფს უმაღლესი რადას დეპუტატი სემიონ სემენჩენკო. მისი თქმით, არანაირი კავშირი, ურთიერთობა დაკავებულებს ოპოზიციასთან არ ჰქონიათ. ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ისინი სააკაშვილს „მაიდნის“ მოწყობაში ეხმარებოდნენ. რაც სემენჩეკნოს თქმით, სიცრუეა. მით უმეტეს, აქცია მხოლოდ ერთ დღეს იყო. როგორც სემენჩენკო ამბობს, ასევე ტყუილია, რომ ისინი იარაღის შესყიდვის დროს დააკავეს.

„ისინი სასტუმროში დააკავეს და ადვოკატების თქმით, ერთ-ერთ მათგანს ტყვიები აღმოუჩინეს, სხვას პისტოლეტი და ა.შ.“ - განაცხადა სემენჩენკომ.