განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტზე დაკავებულ გუკა ბაძაღუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

15:16 12-06-2018
623

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტზე 2018 წლის 11 ოქტომბერს დაკავებულ გუკა ბაძაღუას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის 3 ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.თბილისში გუკა ბაძაღუას დროებით ნაქირავებ ბინაში თავს აფარებდა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ძებნილი ვ.კ., რომელმაც 2017 წლის 24 ივნისს, ქ.თბილისში, ვაჟა-ფშაველას 1 კვარტალში, განზრახ მოკვლის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობები მიაყენა გიორგი ფირცხალიას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული ჭრილობების შედეგად გიორგი ფირცხალია საავადმყოფოში გარდაიცვალა. ვ.კ.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

გუკა ბაძაღუამ, რომელმაც ნამდვილად იცოდა, რომ ვ.კ.-ს მიერ ჩადენილი იყო ზემოაღნიშნული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, თავისი აქტიური მოქმედებით, მას 2018 წლის 10 ოქტომბრამდე დროებით ნაქირავებ ბინაში მალავდა. სამართალდამცველებმა ვ.კ. გუკა ბაძაღუას დროებით საცხოვრებელ ბინაში დააკავეს, ხოლო ბინის ჩხრეკისას ამოიღეს 2 ცალი „პისტოლეტი“, 3 ცალი მჭიდი, 33 ვაზნა და ჯავშანჟილეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

2018 წლის 4 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გუკა ბაძაღუას საქმეზე წინასასამართლო სხდომა ჩატარდა და სისხლის სამართლის საქმე სასამართლოს გადაეცა არსებითად განსახილველად",- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ავტორი: ნინო რაზმაძე