პოლიციამ მუსლიმი მოლის ცემასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

23:51 12-05-2018
95

შსს-მ ქვემო ქართლში მუსლიმი მოლის ცემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. პოლიციამ გამოძიება ძალადობის მუხლით დაწყო.

„2018 წლის 5 დეკემბერს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს შულავერის განყოფილებაში გამოცხადდა 1976 წელს დაბადებული ე.ს. და განაცხადა, რომ თანასოფლელთან,1986 წელს დაბადებულმა მ.გ.-თან მოუვიდა შელაპარაკება და მ.გ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს. თუმცა, ე.ს.-მ სამართალდამცველებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ ყელი სტკიოდა, პოლიციის შენობა დატოვა და სამედიცინო დაწესებულებაში წავიდა. სამედიცინო დაწესებულებაში მისვლის შემდეგ, ე.ს.-მ, მიუხედავად იმისა, რომ მისი განცხადების საფუძველზე უკვე დაწყებული იყო გამოძიება, 112-ზე დამატებით რამდენიმე შეტყობინება გააკეთა მასზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის შესახებ. სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხეს პირი, რომელსაც ე.ს. ცემაში ადანაშაულებს და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“,- ნათქვამია განცხადებაში.

მოლა ფიზიკურ ანგარიშსწორებას მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვას უკავშირებს, სადაც ის პოლიციის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდა და მისი სახლის ძარცვაში დამნაშავე პირების დაკავებას ითხოვდა.