პარლამენტის თბილისში გადატანას ქუთაისის მაჟორიტარებმა მხარი არ დაუჭირეს

23:42 12-05-2018
179

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ დღეს მეორე მოსმენით 83-3 წინააღმდეგ მიიღო, კობა ნარჩემაშვილმა და ქუთაისის კიდევ ორმა დეპუტატმა, გენადი მარგველაშვილმა და დიმიტრი მხეიძემ მხარი არ დაუჭირეს. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

ეს დეპუტატები ქუთაისის მაჟორიტარები არიან და არ ეთანხმებიან პარლამენტის ქუთაისიდან დედაქალაქში გადატანას.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ძალიან კარგი დოკუმენტი, რომლითაც დარწმუნებული ვარ, იმუშავებს ჩვენი პარლამენტი მომავალში და არა მარტო ამ მოწვევის პარლამენტი, მინდა გითხრათ, რომ არ შემიძლია დავეთანხმო მეორე მუხლს, რომლის მიხედვითაც, განისაზღვრა პარლამენტის ადგილმდებარეობად ქალაქი თბილისი.

არ მინდა ჩემი პოზიცია მნიშვნელოვნად აცდეს ჩემი ამომრჩევლების პოზიციას, ხალხის სურვილს და ქუთაისში, მით უმეტეს წინასაარჩევნო, როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში მუშაობისას. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქუთაისელი ამომრჩევლის სურვილი არის პარლამენტის ქუთაისში დარჩენა.

ამ შემთხვევაში, გამოვხატავ სამივე დეპუტატის პოზიციას. შეუძლებლად მიმაჩნია, მხარი დავუჭიროთ ამ ძალიან კარგ პროექტს ამ ერთი მიზეზის გამო, ვინაიდან კვლავ მიგვაჩნია, რომ შესაძლებელი იყო პარლამენტის ადგილმდებარეობად განსაზღვრულიყო როგორც თბილისი, ისე ქუთაისი და ამით დიდწილად არ დაზარალდებოდა არც საპარლამენტო საქმიანობის ეფექტურობა, ხოლო ის, რასაც ითხოვს ქუთაისელი ამომრჩეველი, მნიშვნელოვნად იქნებოდა დაკმაყოფილებული“,- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

პარლამენტის ახალი რეგლამენტი პრეზიდენტის ინაუგურაციისთანავე ამოქმედდება.

პრეზიდენტის ინაუგურაცია კი 16 დეკემბერს თელავში, ერეკლეს სასახლის ტერიტორიაზე გაიმართება.