გადაწყვიტა, რომ თელავში მარცხის გამო თელაველები დასაჯოს - გიორგი ბოტკოველი ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე

19:28 12-05-2018
1064

"ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ თელავში მარცხის გამო დასაჯოს თელაველები, რის გამოც ინაუგურაცია სწორედ აქ განიზრახა" - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის თელავში გამართვას.

გიორგი ბოტკოველი ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე ახლად არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიის ჩატარებას ადგილობრივი მოსახლეობის შეურაცხყოფად მიიჩნევს.

„თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არჩევნების ორივე ტური წააგო სალომე ზურაბიშვილმა. თელაველები არიან იმ გამბედაობის სიმბოლო, რომელიც მათ გამოიჩინეს არჩევნების დღეს. სწორედ ამ სიმბოლოს ფეხქვეშ გათელვა განიზრახა ივანიშვილმა და ინაუგურაციის ჩატარება გადაწყვიტა თელავში. ეს არის თელაველების დასჯა და შეურაცხყოფა“, -ამბობს ბოტკოველი.

თელავის საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გაიმარჯვა. გრიგოლ ვაშაძეს კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა 51.19%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო სალომე ზურაბიშვილს კი 48.81%-მა მისცა ხმა.

რაც შეეხება მომავალ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას უკვე აუხსნა, რა მიზეზით აირჩია ინაუგურაციისთვის ეს ადგილი.

"რამდენიმე სცენარი იყო, მაგრამ ჩემი წინადადება თელავია, რადგან მთელი ჩემი საარჩევნო კამპანია ამ თემაზე იყო, რომ ჩვენ რეგიონები უნდა ამოვწიოთ, რათა ისინი განვითარდეს. რეგიონების გარეშე საქართველო ვერ განვითარდება. ვთვლი, რომ თელავი ძალიან სწორი არჩევანია. მეორე მიზეზი, რატომ ავირჩიე თელავი არის ის, რომ თელავმა არ მომცა ხმა. ეს არის ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა, ამით ვაჩვენო, რომ ყველას პრეზიდენტი ვარ, თუნდაც იმ ადამიანების, რომლებმაც ხმა არ მომცეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში, გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ფიცს ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დადებს. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ, 5-ის ნაცვლად 6 წლის ვადით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა 59 %-მა დაუჭირა მხარი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები თბილისში, პარლამენტის ეზოში გაიმართა.

 

 

 

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი