სალომე ზურაბიშვილი: თელავმა არ მომცა ხმა და მინდა ვაჩვენო, რომ ვარ ყველას პრეზიდენტი

18:57 12-05-2018
75

თელავმა არ მომცა ხმა, ესაა ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა ამით ვაჩვენო, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი, - განაცხადა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა ინაუგურაციის ჩატარების ადგილად თელავის არჩევასთან დაკავშირებით.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი ინიციატივაა, რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართოს. მისი თქმით, რეგიონების გარეშე საქართველო ვერ განვითარდება.

„ჩემთვის ერთი ქალაქი განიხილებოდა მხოლოდ. რამდენიმე სცენარი იყო, მაგრამ ჩემი წინადადება იყო თელავი. ეს იმიტომ, რომ მთელი ჩემი საარჩევნო კამპანია იყო ამ თემაზე, რომ ჩვენ რეგიონები უნდა ამოვწიოთ, რათა ისინი განვითარდეს, რეგიონების გარეშე არ იქნება საქართველოს განვითარება და ვთვლი, რომ თელავი ძალიან სწორი არჩევანია. მეორე მიზეზი რატომაც თელავზე არჩევანი გავაკეთე არის ის, რომ თელავმა არ მომცა ხმა, ესაა ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა ამით ვაჩვენო, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი, თუნდაც იმ ადამიანების, ვინც ხმა არ მომცეს", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში, გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ფიცს ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დადებს. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ, 5-ის ნაცვლად 6 წლის ვადით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა 59 %-მა დაუჭირა მხარი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები თბილისში, პარლამენტის ეზოში გაიმართა.

 

 

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი