ქეთი გომართელმა 90-იანი წლების ქართული ჰიტებით ქართული კლუბები დაიპყრო

17:52 12-04-2018
539

მომღერალმა ქეთი გომართელმა 90-იანი წლების მეგაჰიტებისგან  შექმნილი ახალი შოუპროგრამის, ალბომისა და „დაუვიწყარი ძველის“ გაცოცხლების შესახებ ჯერ კიდევ აპრილში დააანონსა, როდესაც შოუბიზნესისა და ქართული მედიის წარმომადგენლები თავისი ახალი სიმღერის – ლეგენდარული ჯგუფის „სახე“  საკულტო კომპოზიციის „როგორ მინდა მოგეფერო“, დათო ფორჩხიძისეულ ახლებურ მუსიკალურ ინტერპრეტაციაზე გადაღებული  ვიდეორგოლის პრეზენტაციაზე მიიწვია. კლიპის რეჟისორმა ნესტან სინჯიკაშვილმა მომღერლის სიშიშვლის დემონსტრირება საკმაოდ თამამი, გაბედული და სარისკო ფორმით, თუმცა ესთეტიკურობის ხაზის სრული დაცვით  განახორციელა, ამიტომ შეფასება ყველაზე მკაცრი მორალისტი კრიტიკოსებისგანაც კი დადებითი გამოდგა. ამას მოჰყვა „ბრავო რექორდსში“ ლექსენისა და თიკოს ცნობილი დუტის ორიგინალური გარემიქსება, რომლის სატელევიზიო ვერსიამაც  ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ნახვების რეკორდული მაჩვენებელი – 1-მილიონიანი ნახვები აჩვენა. შემოდგომაზე მომღერალმა აქტიურად დაიწყო მუშაობა დაანონსებულ რეპერტუარზე და 90-იანი წლების დაუვიწყარი მეგაჰიტები ახლებურად გააჟღერა, ბოლო ერთი  თვეა მისი სოლო კონცერტები თბილისის კლუბებში ანშლაგით მიმდინარეობს და 18 ახალი კომპოზიციისგან დაკომპლექტებულ რეპერტუარს, სადაც თავმოყრილია ცნობილი და მონატრებული  სიმღერები ჯგუფის „სახე“, მერაბ სეფაშვილის, ბუკა მანაგაძის, აჩიკო მეფარიძისა და სხვათა შემოქმედებიდან, საკმაოზე მეტი მსმენელი ჰყავს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საზოგადოების ინტერესი ქართულ სიმღერას საბოლოოდ დაუბრუნდა. მოთხოვნა ქართულზე გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს წინა წლებში იყო, რასაც, უდავოდ, ყველაზე რეიტინგულ პროექტს „მხოლოდ ქართული“  უნდა  ვუმადლოდეთ.

რაც შეეხება იდეას, მომღერალს 90-იანების ცნობილი ქართული ჰიტები გაეცოცხლებინა, გადაცემა „პროფილის“ პროდიუსერს, ნიკა ხაჩიძეს ეკუთვნის.

 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი