„დაბალი გემოვნების მაყურებლისთვის გაუგებარია ჩვენი ბრენდი“ - ირაკლი რუსაძის პირველი კომენტარი კრიტიკაზე - EXCLUSIVE

16:50 12-04-2018
6533

 „მხოლოდ ქართულის“ კონკურსანტების ჩაცმულობაზე პირველ ლაივკონცერტზე ირაკლი რუსაძემ და ბრენდმა SITUATIONIST – (სიტუაციონისტი) იზრუნა. მუსიკალური შოუს მონაწილეთა ჩაცმულობა მთავარი თემა გახდა „რუსთვი 2“-ის მაყურებლისთვის. ცინიკური და დამცინავი კომენტარები არ დააკლეს დიზაინერს, რომელმაც სამოსი შექმნა.

ჩვენ ირაკლი რუსაძეს დავუკავშრიდით.

- ირაკლი, როგორ გგონიათ, რამ განაპირობა მაყურებლის ასეთი შეფასება?

- მოდით გავმიჯნოთ მაყურებლის სეგმენტები. მე პირადად იმის დრო არ მაქვს რომ თვალი ვადევნო ამ გამოხმაურებას, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა, ვინც ნახა, მითხრეს, რომ ეს დაბალი გემოვნების მაყურებელია, რომლისთვისაც გაუგებარია ჩვენი ბრენდი. ჩვენ ძირითადად ვმუშაობთ ინტერნაციონალურ მარკეტზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ნაკლებად ვართ მორგებული ქართულ რეალობას. არიან ინდივიდები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საკმაოდ საინტერესოდ ჩავაცვით კონკურსანტებს...

- ანუ ფიქრობთ, რომ მაყურებლის ნაწილს მოეწონა კონკურსანტების ჩაცმის სტილი?

- კი. ვინც ჩემს გარშემოა და კომპეტენტურია ამ საკითხში, მათ მოეწონათ.

- თქვენ ამბობთ, რომ ევროპულ სტანდარტებზე გათვალეთ, თუმცა საუბარია „მხოლოდ ქართულზე“, კონკურსზე სადაც ქართული სიმღერა ჟღრს...

- მომხმარებელმა, რომელიც ჩვენ ბრენდთან მოდის, იცის რომ აქ არ იქნება ბევრი ფერი, სიჭრელე, თვლები. ჩვენი ბრენდი არის კლასიკური, საქმიანი ადამიანისთვის, რომელმაც იცის რა უნდა ცხოვრებაში. ასე რომ ჩვენი სტილი ჩამოყალიბებულია. ბუნებრივია ყველას არ მოეწონება, ყველასთვის ერთნაირად აღსაქმელი არ იქნება.

- განსაკუთრებული აქცენტი მაყურებელმა გააკეთა ვიოლეტა მგალობლიშვილის ჩაცმულობაზე, როგორ გგონიათ, რატომ?

- ვერ გეტყვით, შესაძლოა მაყურებელს პრობლემა აქვს კონკურსანტის სხეულის ფორმებთან დაკავშირებით. ეს ძალიან ინდივიდუალურია. დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ არის მაყურებელი და რამდენად კომპეტენტურად აფასებს. ვფიქრობ, ტენდენციურად მივუდექით ვიოლეტას ჩაცმულობას და ძლიერი ქალის სამოსი შევურჩიეთ.

- მუშაობის პროცესში თუ იყო პრეტენზია რომელიმე კონკურსანტის მხრიდან, რომ ამას არ ჩავიცვამ, ეს ჩემი სტილი არ არის...  

- როდესაც მოდიან კონკურსანტები, იციან რომელი ბრენდის მომხმარებლები ხდებიან. გარკვეული შესწორებები იყო, რაც გავითვალისწინეთ. კონკურსამდე იყო იმაზე საუბარი, რომ კონკურსანტების მოთხოვნებს გავითვალისწინებდით, თუმცა ამ შემთხვევაში პრეტენზიები არ იყო. ჩვენი მარკეტი ჯერ-ჯერობით, სამწუხაროდ არ არის მხოლოდ თბილისისთვის ბრენდის კონცეფციიდან და ღირებულებიდან გამომდინარე.

- მაგრამ თქვენ სწორედ თბილისელი მაყურებლისთვის ამზადებდით მონაწილეებს...

- მე პირადად ვთვლი რომ ყველას საინტერესო და განსხვავებული იმიჯი ჰქონდა...

-  მომავალ ორშაბათს ისევ თქვენ ჩააცმევთ კონკურსანტებს თუ სხვა დიზაინერი იზრუნებს მათ ჩაცმულობაზე?

- ამის შესახებ ინფორმირებუილი არ ვარ.

- თუ შეიძლება, მოკლედ თქვენი რეგალიებისა და თქვენი ბრენდის შესახებ რომ გვიამბოთ...

- ბრენდი SITUATIONIST – (სიტუაციონისტი) ახალგაზრდაა, სულ 2 წელიწადნახევარს ითვლის. თუმცა პირველი ბრენდია, რომელიც მილანის მოდის კვირეულზე მოხვდა ოფიციალურ კალენდარში, ასევე პარიზის მოდის კვირეულზე და თებერვალში დიდ გამოფენას ვაკეთებთ ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში.

- და ბოლოს, რას ეტყვით მათ, ვინც არ დაიზარა და აქტიურად გაკრიტიკებთ სოციალურ ქსელში...

- მომწონს ასეთი ხუმრობები. ზოგის აზრი მისაღებია, ზოგის ნაკლებად, სასაცილოც კია. ეს ყველაფერი ქმნის განწყობას რომ საინტერესო სფეროა და სტიმულია მეტი მუშაობისთვის.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი