მეტროსადგურ "ვარკეთილში" და "გურამიშვილზე" სარემონტო სამუშაოები თავიდან არის ჩასატარებელი - კახა კალაძე

12:37 12-04-2018
90

თბილისის მერი კახა კალაძე თვლის, რომ მეტროსადგურ " ვარკეთილში" სარემონტო სამუშაოები თავიდან არის ჩასატარებელი.

როგორც თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, იგივე მდგომარეობაა მეტროსადგურ "გურამიშვილის" პროექტთან დაკავშირებით.

„მეტროსადგურების რეაბილიტაცია ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება. მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც დაზარალებული მოქალაქეები გვყავდა. ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილებები ოპერატიულად მივიღეთ და ყველას მაქსიმალური თანადგომა გამოვუცხადეთ. ამის პარალელურად, „ვარკეთილის“ საპროექტო დოკუმენტაცია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გადაეგზავნა და გაკეთებული შეფასებებიდან გამომდინარე, საჭიროა, დამატებითი კვლევები და საპროექტო სამუშაოები ჩატარდეს. საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მშენებლობის დროს, უპირველესი და უმთავრესი უსაფრთხოებაა, რაც მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს. დადასტურებულად გეტყვით, რომ პროექტები, რომლითაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერის სამუშაოები განხორციელდა, არაფრად ვარგა და საპროექტო სამუშაოები თავიდან არის ჩასატარებელი. ანალოგიური მდგომარეობაა მეტროსადგურ „გურამიშვილის“ პროექტთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

თათია ცუკოშვილი