პრემიერი: მზად ვართ, ჩვენს მოქალაქეებსა და საზოგადოებასთან, ერთობლივი ძალისხმევით, გადავლახოთ ყველა პრობლემა

20:47 11-28-2018
92

დღეს არ არის ის დრო, რომ დრო დავკარგოთ ზეიმისთვის. ახლა არის მუშაობის დრო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში განაცხადა.

„მინდა, თითოეულ მოქალაქეს, ვინც დღეს არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, მადლობა გადავუხადო. არჩევნებში მონაწილეობის დონე იყო საკმაოდ მაღალი, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ საქართველოში გვაქვს ნამდვილად შემდგარი დემოკრატია. მინდა, მივულოცო სალომე ზურაბიშვილს. ამასთან ერთად, მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, ჩვენთვის, როგორც მმართველი ძალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც პირველი ტურის შედეგები, ასევე, ბუნებრივია, მეორე ტურის შედეგები. ჩვენ მივიღეთ გზავნილი ჩვენი მოქალაქეებისგან და ვიცით, თუ რა არის გასაკეთებელი. დღეს არ გვაქვს ზეიმისთვის დასაკარგი დრო. ახლა არის მუშაობის დრო და მინდა, მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას, რაც ქვეყანაში გვაქვს. მზად ვართ, ჩვენს მოქალაქეებსა და საზოგადოებასთან, ერთობლივი ძალისხმევით, გადავლახოთ ყველა პრობლემა და გამოწვევა. ეს არის ჩვენი მიზანი და დამერწმუნეთ, ამას აუცილებლად მივაღწევთ. მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.