ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცმა სანადირო თოფით ბიძა მოკლა

21:32 11-26-2018
394

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში ახალგაზრდა მამაკაცმა ბიძა, გოჩა არჩაია მოკლა.

ერთ-ერთი ვერსიით, 50 წლამდე მამაკაცს ეჭვიანობის ნიადაგზე ესროლეს. ვერსიას ამყარებს ის ფაქტი, რომ, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,  1998 წელს დაბადებული პირი, ლ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა ბიძა -1965 წელს დაბადებული გ.ა., რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ლ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

ავტორი: მზეკო ჟვანია