ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კიდევ ერთი წარმომადგენელი გამოიკითხება

11:10 11-23-2018
67

გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს „საერთაშორისო გამჭვრივალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირქტორის მოადგილე, გიორგი ონიანი გამოიკითხება.

გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკითხნენ „საერთაშორისო გამჭივრვალობა საქართველოს“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორები ეკა გიგაური, ირმა პავლიაშვილი და მიხეილ ბენიძე.

საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ასევე იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრესკონფერენციაზე დაასახელეს და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ერთი წარმომადგენელი.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოკითხვისას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ვერ დაასახელეს სად და ვის მიერ იქნა გამართული თათბირი, სადაც, მათი ინფორმაცით გაიცა შესაძლო უკანონო დავალება. ისინი ფაქტობრივად იმეორებდნენ საჯაროდ გავრცელებულ ტექსტს და რაიმე კონკრეტულ დეტალთან დაკავშირებით გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

ამასთან, ყველა მათგანს განემარტა, რომ თუ ისინი ვარაუდობენ, რომ ინფორმაციის გამჟღავნებით შესაძლოა რაიმე საფრთხე დაემუქროს პირს, რომელსაც ისინი თავიანთ წყაროს ასახელებენ, საგამოძიებო უწყება მზად არის ეს პიროვნება ჩართოს მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში და უზრუნველყოფილი იქნება მისი უსაფრთხოება.

რაც შეეხება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაში პირდაპირ მიუთითეს, მათ აღნიშნეს,რომ რაიმე სახის თათბირს, რომელზეც შესაძლოა გაცემული ყოფილიყო მსგავსი უკანონო ბრძანებები, ადგილი არ ჰქონია, სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე კი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებულ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა.